Thumbnail

EHang 216 - მფრინავი ტაქსი, რომელსაც ორი მგზავრის გადაყვანა შეუძლია

  • EHang 216-ის სატესტო ფრენა ვენაში წარმატებით განხორციელდა
  • ავსტრიაში აპარატის მფრინავი ტაქსის სერვისისთვის გამოყენებას გეგმავენ

ვენაში სტადიონ Generali Arena-ზე უპილოტო საფრენმა აპარატმა  EHang 216-მა სატესტო ფრენა განახორციელა. აპარატი, რომლის მასაც 340 კილოგრამია, 10 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა, გარკვეული პერიოდი ჰაერში დაჰყო და შემდეგ უპრობლემოდ დაეშვა.

გამოცდის დროს EHang 216-ის სალონში ორი მგზავრი იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანის, ფოტოგრაფ ჯო კლამარის განცხადებით აპარატს ორი მინუსი აქვს: ის  ხმაურიანია, სალონი კი იმდენად კომპაქტურია, რომ მასში მაღალი ადამიანისთვის კომფორტულად განთავსება რთულია. EHang 216-ს შეუძლია ჰაერში დაუშვებლად საათი და 30 წუთი დაჰყოს. აპარატის მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ-ია.

EHang ჩინური კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. EHang-მა გასულ წელს კონტრაქტი გააფორმა ავსტრიულ კომპანია FACC-თან. თანამშრომლობა ითვალისწინებს მფრინავი ტაქსის სერვისს, ასევე მცირე ზომის ტვირთების გადატანას. უპილოტო საფრენი აპარატით დაინტერესდნენ ტურისტული სააგენტოები და სამედიცინო ორგანიზაციები, რომლებსაც ტრანსპლანტაციისთვის ორგანოები გადააქვთ.

კომპანია FACC-ს დირექტორის რობერტ მახტლინგერის აზრით, აეროტაქსის სერვისის განვითარებისთვის მთავარ წინაღობად რეგულაცია რჩება. ამ დრომდე ქვეყნების უმრავლესობაში უპილოტო საფრენი აპარატით ადამიანების გადაყვანა ნებადართული არ არის. თუმცა ავსტრიის ტრანსპორტის მინისტრის ნორბერტ ჰოფერის განცხადებით, სახელმწიფო მზად არის ეს საკითხი დაარეგულიროს.

იმედი მაქვს, რომ ავსტრია უახლოეს პერიოდში ათასობით აეროტაქსის გამოუშვებს და ჩვენ მათ მალე ცაში ვიხილავთ. ამ ტექნოლოგიურ გარღვევას ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ- ნორბერტ ჰოფერი

EHang 216-ის ღირებულება 336 ათასი დოლარია. მისი სერიულად წარმოება 2020 წლიდან იგეგმება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები