Thumbnail

ინგლისელი ინჟინერი კოსმოსურ რაკეტას ავტოფარეხში აწყობს

  • სტივ ბენეტის კომპანიამ რამდენიმე რაკეტის გამოცდა მოახერხა
  • ბენეტი ამჟამად პილოტირებული მისიის განხორციელებაზე მუშაობს

მანჩესტერელმა სტივ ბენეტმა რაკეტების აწყობა ბეზოსის Blue Origin-ზე და მასკის Space X-ზე გაცილებით ადრე დაიწყო. თვითნასწავლი ინჟინერი დარწმუნებულია, რომ დაფინანსების შემთხვევაში მისი რაკეტები ამ დროისათვის უკვე კოსმოსში იფრენდნენ და ასტრონავტებს და ტურისტებს გადაიყვანდნენ. ახალ რაკეტას ბენეტი და მისი თანამშრომლები, რომელთა შორის მოხალისეეებიც არიან, ავტოფარეხში აწყობენ.

მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, ბენეტის კომპანია Starchaser Industries-ს ბრიტანულ რაკეთმშენებლობაში ორი მნიშვნელოვანი მიღწევა აქვს. 11 მეტრიანი Nova 1 ბრიტანეთიდან გაშვებული ყველაზე დიდი რაკეტაა. მეორე წარმატებული პროექტი 8 მეტრიანი რაკეტა Skybolt 2-ია. Nova 1-ის გამოცდა 2001 წელს შედგა. მწირი დაფინანსების გამო შემდეგი პროექტის განხორციელებას 16 წელი დასჭირდა, რაკეტა Skybolt 2 კი “მობილურ კოსმოდრომად” გადაკეთებული სატვირთო ავტომობილიდან გაუშვეს.

ბრიტანული მედიის შეფასებით, სტივ ბენეტი ნიჭიერი და ამავე დროს თავის საქმეზე ფანატიკურად შეყვარეული ინჟინერია, რომელსაც საკუთარი რაკეტის კონსტრუქციაზე და ძრავაზე საუბარი საათობით შეუძლია. 1992 წლამდე ინჟინერს საკუთარი სამუშაო სივრცე არ ჰქონდა და რაკეტის დეტალებს სახლში ინახავდა. მოგვიანებით ბენეტმა მუშაობა სალფორდის უნივერსიტეტში დაიწყო და თავისი პროექტის პირველი ნაწილი უნივერსიტეტის ლაბორატორიაში განახორციელა.

Guardian-თან ინტერვიუში ბენეტმა განაცხადა, რომ მისი უახლოესი გეგმა კოსმოსში პილოტირებული მისიის გაშვებაა. 12 მეტრიან რაკეტა Nova 2-ს შეუძლია კოსმოსური ტურიზმის განვითარების საქმეში გარკვეული წვლილი შეიტანოს. ინჟინერი პროგრამის ყველაზე რთულ ეტაპად სამგზავრო კაფსულის გამოცდას ასახელებს. პროექტის ავარიული სისტემის გამოცდისთვის საჭიროა რამდენიმე მილიონი გირვანქა, ბენეტის კომპანიას კი ეს თანხა ამ ეტაპზე არ აქვს.

დაფინანსების შემთხვევაში  Nova 2 კოსმოსში ტურისტების გადაყვანას სუბორბიტალური მოგზაურობისთვის უახლოეს სამ წელიწადში შეძლებს. თუმცა დაფინანსების მიღება ძალიან რთულია. მინდა, რომ ჩვენი პროექტის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს. იქნებ ვინმე დაგვეხმაროს. კოსმოსის ათვისება  მოკლე პერიოდში შეიძლება თუ შესაბამისი ძალისხმევა იქნება- ამბობს სტივ ბენეტი

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები