Thumbnail

Galaxy S10 3D პრინტერით დაბეჭდილი თითის ანაბეჭდით ტყუვდება

  • სმარტფონი თითის ანაბეჭდის უახლესი სენსორით არის აღჭურვილი
  • 3D პრინტერით დაბეჭდილი თითის ანაბეჭდით ტელეფონის განბლოკვა სულ რაღაც სამ წუთშია შესაძლებელი

ბოლო წლების განმავლობაში სმარტფონების მწარმოებლები ცდილობენ, სულ უფრო დახვეწილი მეთოდებით უზრუნველყონ მომხმარებლების დაცულობა. სწორედ ამ მიზეზით შეიქმნა თითის ანაბეჭდის სკანერი, სახის ამომცნობი ტექნოლოგია, როგორც ტელეფონის დამცავი მექანიზმი და სხვა მსგავსი სისტემები, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სმარტფონების დაცვის უახლეს მეთოდებსაც აქვს ხარვეზები.

სამსუნგის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ახალი Samsung Galaxy S10-ის თითის ანაბეჭდის სენსორის შეცდომაში შეყვანა 3D პრინტერით დაბეჭდილი თითის ანაბეჭდით შეძლო. ამის შესახებ პოსტი მან პლატფორმა Imgur-ზე გამოაქვეყნა, სადაც ის დეტალურად ხსნის თავის სამოქმედო გეგმას: მომხმარებელმა სახელით darkshark შუშაზე აღბეჭდილ საკუთარ თითის ანაბეჭდს ფოტო გადაუღო, Photoshop-ში დაამუშავა და პროგრამა 3D Max-ში ანაბეჭდის სამგანზომილებიანი მოდელი შექმნა. 3 ცდის და 3D პრინტერით რამდენიმეწუთიანი ბეჭდვის პროცესის შემდეგ მან ანაბეჭდის ისეთი მოდელის შექმნა მოახერხა, რომელიც სმარტფონის განბლოკვას შეძლებდა.  

Samsung Galaxy S10-ს უახლესი თაობის ულტრაბგერითი სენსორი აქვს, რომელიც ძველ ვერსიებზე ბევრად დაცულად ითვლება, თუმცა darkshark-ის თქმით, მსგავსი მეთოდით სულ რაღაც სამ წუთში ტელეფონის განბლოკვისთვის მხოლოდ ანაბეჭდის ფოტო, ფოტოს დასამუშავებელი პროგრამები და 3D პრინტერზე წვდომა დასჭირდება.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები