Thumbnail

დიდი ბრიტანეთი ინტერნეტს საკანონმდებლო სივრცეში მოაქცევს

  • დიდი ბრიტანეთი ინტერნეტისთვის მარეგულირებელ ორგანოს შექმნის
  • სოციალური ქსელები კონტენტის შესახებ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვეღარ მიიღებენ

“ველური დასავლეთის” ეპოქა ინტერნეტ სივრცეში უნდა დასრულდეს, სოციალური ქსელების წარმომადგენლებმა კი თვითონ არ უნდა გადაწყვიტონ რომელი კონტენტი არღვევს კანონს - ასეთია ბრიტანეთის ხელისუფლების პოზიცია. ჯერ კიდევ 2019 წლის თებერვალში დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო ანგარიში, რომელშიც ფეისბუქს კონკურენციის შესახებ კანონის დაღვევაში  და რუსეთის მიერ არჩევნების მანიპულირების მცდელობების რეაგირების გარეშე დატოვებაში ადანაშაულებდა. პარლამენტში მაშინ მარკ ცუკერბერგს “ციფრული განგსტერიც” კი უწოდეს.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აპირებს ინტერნეტი საკანონმდებლო სივრცეში მოაქციოს. კანონი განსაზღვრავს რა სახის ინფორმაცია შეიძლება გაავრცელოს სოციალურმა ქსელებმა და სხვადასხვა საიტებმა. ამასთან ერთად, პლატფორმებს აღარ შეეძლებათ თავად განსაზღვრონ და გადაწყვიტონ რომელი კონტენტია მიუღებელი. ე.წ. ინტერნეტ კოდექსი გულისხმობს ფართო უფლებამოსილების მქონე  მარეგულირებელი ორგანოს შექმნას, რომელსაც ზედამხედველობის ფუნქცია ექნება და კანონის დარღვევის შემთხვევაში კომპანიებს სოლიდურ ჯარიმებს გამოუწერს.

სოციალურ ქსელები ვალდებული იქნებიან კანონმდებლობიდან გამომდინარე წაშალონ მავნე კონტენტი.ამავე დროს  ეს პროცესი ღია და საჯარო გახადონ, გამოაქვეყნონ ამ მიმართულებით ჩატარებული საქმიანობის დეტალური ანგარიშები. მავნე კონტენტში იგულისხმება ძალადობა ან ძალადობისკენ მოწოდება, სიძულვილის რიტორიკა, ტერორიზმი, სექსუალური ძალადობა.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც ბრიტანეთის ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მასშტაბური კამპანიის ჩატარებაა ე.წ. “ფეიკ ნიუსების” წინაამღდეგ. პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა:

"ინტერნეტი აერთიანებს ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მაგრამ კომპანიები არაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მომხმარებლები, განსაკუთრებით ბავშვები და ახალგაზრდები, დაიცვან მავნე კონტენტისგან. უკვე დროა სხვაგვარად ვიმოქმედოთ. კომპანიებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ პლატფორმებზე და დაგვეხმარონ იმისათვის, რომ ინტერნეტმა საზოგადოების ნდობა დაიბრუნოს."

კომენტარები

ბოლო ამბები