Thumbnail

პირველად მსოფლიოში: ადგილზე მიტანის სერვისის მომსახურება დრონებით

  • ადგილზე მიტანის სერვისის მომსახურება დრონებით ავსტრალიის დედაქალაქის გარეუბანში ხორციელდება
  • კომპანია Wing 2019 წელს ამ სერვისის დანერგვას ფინეთშიც გეგმავს

ტვირთის გადასატანად დრონების გამოყენება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ხდება. თუმცა სტარტაპ Wing-ში ამტკიცებენ, რომ მსოფლიოში პირველი კომერციული სერვისი, სადაც გამოწერილი ნივთი სახლში დრონს მოაქვს, მომხმარებელს სწორედ მათ შესთავაზეს. Wing უკვე ექვსი წელია არსებობს. თავდაპირველად სტარტაპის ინჟინრები მიტანის სერვისის ტესტირებას შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ახორციელებდნენ. კომპანია Starbucks-თან და რესტორნების ქსელ Chipotle-თან თანამშრომლობდა. თუმცა ამერიკაში მუშაობა Wing-მა ქვეყანაში არსებული მკაცრი საჰაერო რეგულაციების გამო აღარ გააგრძელა.

კომპანიამ სერვისის ტესტირება ავსტრალიაში განაგრძო. Wing-ის დრონების გამოცდა 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ პერიოდში საფრენმა აპარატებმა 3 ათასზე მეტი რეისი შეასრულეს. საბოლოოდ კომპანიამ ავსტრალიის შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოსგან სერვისის კომერციული მიზნით გამოყენების ნებართვა მიიღო.

შეკვეთის გაფორმება სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით არის შესაძლებელი. ავტონომიური დრონი, რომელიც 120 კმ/სთ-ს ანვითარებს, გამოძახებიდან რამდენიმე წუთში შეძლებს ადგილზე მცირე ზომის ტვირთი, მაგალითად საკვები, სასმელი ან მედიკამენტები მიიტანოს.

სერვისი ამ ეტაპზე ავსტრალიის დედაქალაქ კანბერის ჩრდილოეთ გარეუბანში მოქმედებს, თუმცა უახლოეს მომავალში ქალაქს მთლიანად მოიცავს. Wing 2019 წლის ბოლომდე სერვისის დანერგვას ფინეთის ტერიტორიაზეც გეგმავს.

თუ როგორ მუშაობს Wing-ის სერვისი შეგიძლიათ ნახოთ აქ:

 

კომენტარები

ბოლო ამბები