Thumbnail

შავი ხვრელის პირველი ფოტო გავრცელდა

  • ასტრონომებმა შავ ხვრელს ფოტო გადაუღეს
  • შავი ხვრელი დედამიწაზე 3 მილიონჯერ დიდია

ასტრონომებმა შორეულ გალაქტიკაში მდებარე შავ ხვრელს ფოტო პირველად გადაუღეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. შავი ხვრელის გარშემოწერილობა 40 მილიარდი კილომეტრი, ანუ დედამიწის გარშემოწერილობაზე 3 მილიონჯერ მეტია. მეცნიერები მას “მონსტრს” უწოდებენ. 

შავი ხვრელი დედამიწიდან 500 მილიონი ტრილიონი კილომეტრის დაშორებით, M87 გალაქტიკაში მდებარეობს. სენსაციური ფოტოს გადაღება პროექტ Event Horizon Telescope-ის ფარგლები მოხერხდა. წარმოდგენილი გამოსახულება ამ დროისათვის შავი ხვრელის არსებობის ყველაზე საფუძვლიანი მტკიცებულებაა.

“ეს არის ყველაზე მასიური შავი ხვრელი, რაც კი არსებობს. ის აბსოლუტური მონსტრია, ყველა სხვა შავ ხვრელს შორის მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონი.” - პროფესორი ჰაინო ფალკე, პროექტის ინიციატორი

შავი ხვრელის ფოტოზე დაფიქსირება ურთულესი ამოცანაა, რადგან ის ფაქტობრივად უხილავია. მისი დანახვა სამყაროში არცერთ ტელესკოპს არ შეუძლია. Event Horizon Telescope-ის პროექტის ფარგლებში რვა ტელესკოპი ფაქტობრივად ერთ ვირტუალურ ტელესკოპად აქციეს, შავი ხვრელის ფოტოს გადაღება კი სწორედ მისგან მიღებული ინფორმაციის გაერთიანებით გახდა შესაძლებელი.

"ჩვენმა გუნდმა ნამდვილი გმირობა ჩაიდინა. ამ პროექტზე 200-ზე მეტმა მკვლევარმა იმუშავა." - შეპერდ დოულმანი, Event Horizon Telescope-ის პროექტის ხელმძღვანელი

შავი ხვრელი არის არე სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ მისი მოქმედების არეალში მოხვედრისას მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა არაფერს, მათ შორის სინათლესაც კი არ შეუძლია. სავარაუდოდ, შავი ხვრელი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ენერგიას ამოწურავს და კვდომას იწყებს.

კომენტარები

ბოლო ამბები