Thumbnail

Lockheed Martin-მა მთვარის მისიის აპარატის პროტოტიპი წარმოადგინა

  • Lockheed Martin კოსმოსური აპარატის დამზადებას 2024 წლისთვის გეგმავს
  • შეერთებული შტატების მთავრობამ NASA-ს მთვარის მისიის დაჩქარების დირექტივა მისცა

კომპანია Lockeed Martin-მა კოსმოსური აპარატის პროექტი წარმოადგინა, რომელიც შეერთებულ შტატებს მთვარეზე დაბრუნებაში უნდა დაეხმაროს. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ დაფინანსების შემთხვევაში ის მზად 2024 წელს იქნება.

აპარატი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ კონცეფციისგან, რომელიც Lockheed Martin-ს ჯერ კიდევ გასულ წელს ჰქონდა. მძიმე, მრავალჯერადი აპარატის შექმნაზე კომპანიამ უარი განაცხადა, რისი მიზეზიც შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ NASA-სთვის მიცემული დირექტივა გახდა. ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის განცხადებით, ამერიკელები მთვარეზე უახლოეს 5 წელიწადში უნდა დაბრუნდნენ და ამ მიზნის მისაღწევად ყველა რესურსი უნდა გამოიყენონ.

Lockheed Martin-ის ახალი პროტოტიპი ორი ნაწილისგან შედგება. დასაშვებმა მოდულმა ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე უნდა გადაიყვანოს, ასაფრენმა კი ორბიტალურ სადგურ Gateway-ზე დააბრუნოს. ახალი კონცეფციის პლუსია ის, რომ მოდულების აწყობა თავიდან საჭირო არ არის. სხვადასხვა კომპონენტები აღებულია პროექტ Orion-იდან, რომელზეც Lockheed Martin წლების განმავლობაში მუშაობდა.


მთვარის მისიისთვის კოსმოსურ ხომალდთან ერთად აუცილებელი კომპონენტი ორბიტალური სადგურის მშენებლობაა. პირველადი გეგმის მიხედვით, ორბიტალური სადგური Gateway NASA-ს 2028 წლისთვის უნდა დაესრულებინა, თუმცა ეს თარიღი საბოლოოდ 2024 წლისთვის გადმოიტანეს, რის გამოც კოსმოსური სივრცის კვლევის სამმართველომ ეს პროექტი ფორსირებულად უნდა განახორციელოს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები