Thumbnail

მანგროს ტყეების აღდგენაში მონაწილეობას დრონები მიიღებენ

  • დრონების გამოყენება მანგროს ტყეების აღდგენის პროცესს დააჩქარებს
  • მიანმაში 350 ათასი ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანება იგეგმება

მანგროს ტყეები ძირითადად გავრცელებულია აფრიკის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროზე, ცენტრალურ ამერიკაში, სამხრეთ აზიაში და ჩრდილოეთ ავსტრალიაში. ტანდაბალი ( 5-დან 10 მეტრამდე) მარადმწვანე ხეები სანაპირო ზოლში იზრდება და ზღვის მოქცევისას წყლით იფარება. ეკოლოგების მონაცემებით, ეკოსისტემა ადამიანის საქმიანობის შედეგად ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაზარალდა. მანგროს ტყეების დაახლოებით ნახევარი უკვე გაჩეხილია. განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მათ შორის მიანმაში. სწორედ ამ ქვეყანაში დაიწყო უჩვეულო პროექტი, რომლის მიზანიც მანგროს ტყეების აღდგენაა.

ხეებს ადამიანების ნაცვლად  დრონები დარგავენ. პირველ ეტაპზე უპილოტო საფრენი აპარატები ტერიტორიაზე ფრენებს განახორციელებენ, რომ მოიპოვონ ზუსტი მონაცემები ლანდშაფტის და ნიადაგის შესახებ. ამის შემდეგ შეირჩევა კონკრეტული მონაკვეთები, სადაც ხეების დარგვა დაიწყება. ბიოდეგრადირებად კაფსულას, რომელშიც თესლი იქნება განთავსებული, დრონი ჰაერიდან ჩამოაგდებს.

პროექტის ტექნიკურ მხარეზე პასუხისმგებელია კომპანია Biocarbon Engineering, რომელიც ხეების დარგვის დროს დრონებს აქამდეც იყენებდა. მიანმაში სტარტაპი გაერთიანდა ადგილობრივ არაკომერციულ ორგანიზაცია Wolrdview Impact-თან, რომელიც ქვეყანაში ტყეების აღდგენის პროგრამაში 2012 წლიდან არის ჩართული. ამ დროისათვის უკვე 6 მილიონზე მეტი ხეა დარგული, თუმცა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება ამ პროცესს დააჩქარებს.

მიანმას ტერიტორიაზე 350 ათასი ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანება იგეგმება. ამ ფართობზე მილიარდამდე ხე უნდა დაირგოს. Biocarbon Engineering სპეციალისტების შეფასებით, ერთ დღეში 10 დრონს 400 ათასი მცენარის დარგვა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება სხვა ქვეყნებშიც იგეგმება. ხეების დარგვის დროს დრონების გამოყებას აპირებენ შეერთებულ შტატებში და ესპანეთში.

 

კომენტარები

ბოლო ამბები