Thumbnail

ისრაელის მისია მთვარეზე წარუმატებლად დასრულდა

  •  კოსმოსურმა აპარატმა Beresheet მთვარეზე დაშვების დროს კატასტროფა განიცადა
  • მისიის წარუმატებლობის ძირითად მიზეზად ძრავის გაუმართაობას ასახელებენ

კოსმოსურმა აპარატმა Beresheet მთვარეზე დაშვების დროს კატასტროფა განიცადა. აპარატის დაშვების დროს რამდენიმე პრობლემა შეიქმნა, რომელთა მოგვარებაც დროულად ვერ მოხერხდა. Beresheet-ის მთვარეზე დაშვების ტრანსლაცია სტარტაპ SpaceIL -ის ოფიციალური Youtube არხის მეშვეობით მიმდინარეობდა.

დაშვებამდე კოსმოსურმა აპარატმა ძირითადი და დამატებითი ძრავები ჩართო და რამდენიმე მანევრი განახორციელამთვარიდან 22 კილომეტრის სიმაღლეზე მყოფმა Beresheet-მა ფოტოც კი გამოაგზავნა. თუმცა მოულოდნელად მართვის ცენტრში აპარატიდან მონაცემების გადაცემების პროცესი შეწყდა. რამდენიმე წამში Beresheet-თან კავშირი აღდგა, მაგრამ უფრო სერიოზული პრობლემა შეიქმნა. გამოირთო ძირითადი ძრავი, რომლის საშუალებითაც აპარატი მთვარეზე უნდა დამჯდარიყო. ძრავის ჩართვა მოხერხდა, მაგრამ მან უკვე ვეღარ შეძლო დაშვების დროს აპარატის შენელება. ოფიციალური ინფორმაციით აპარატთან კავშირი დაიკარგა.

Beresheet-ის მიერ გადაღებული მთვარის ზედაპირის ფოტო

Beresheet-ის მთვარეზე დაშვების პროცესს მართვის ცენტრიდან თვალს თავად ქვეყნის პრემიერ მინისტრი ადევნებდა. ბინიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მისიის წარუმატებლობის მიუხედავად რამდენიმე წელიწადში ისრაელი ისევ შეეცდება დედამიწის თანამგზავრზე მთვარემავალი დასვას.

თუ პირველად არ გამოგდის კიდევ უნდა სცადო. 2-3 წელიწადში ისრაელის კოსმოსური აპარატი მთვარეზე დაჯდება- ბინიამინ ნეთანიაჰუ.

ისრაელის მთვარის მისიის პროექტში მხოლოდ კერძო კომპანიები მონაწილეობდნენ. მთვარემავალი Beresheet ისრაელის არაკომერციულმა სტარტატმა SpaceIL შექმნა. კოსმოსში აპარატი ფლორიდაში, კანავერალის კონცხზე მდებარე კოსმოდრომიდან ასევე კერძო კომპანიის-Space X-ის მონაწილეობით გაუშვეს. მთვარემავალი, რომელიც ებრაულმა სტარტაპმა შექმნა, დედამიწის თანამგზავრზე გაგზავნილი ყველაზე პატარა ობიექტია. Beresheet-ის დიამეტრი სულ 1,5 მეტრი, წონა კი 600 კილოგრამი იყო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები