Thumbnail

Space X-ის Falcon Heavy-ს პირველი კომერციული მისია

  • Falcon Heavy-ს პირველი საფეხურის სამივე ბლოკი დედამიწაზე დაბრუნდა
  • Space X-ის მიზანი რაკეტების მრავალჯერადი გამოყენებაა

Space X-ის რაკეტა Falcon Heavy-მ პირველი კომერციული სტარტი განახორციელა. რაკეტამ ორბიტაზე საუდის არაბეთის ხელოვნური თანამგზავრი Arabsat 6A გაიყვანა. გეგმის მეორე ნაწილიც წარმატებული აღმოჩნდა. Space X-ის გუნდმა შეძლო რაკეტის პირველი საფეხურის სამივე გაქანების ბლოკის დედამიწაზე დაბრუნება და რბილად დასმა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის თებერვალში განხორციელებული ფრენის დროს ამის გაკეთება ვერ მოხერხდა.

წარმატებული სტარტით Space X-მა დაამტკიცა, რომ რაკეტების მრავალჯერადი გამოყენება, რაც შედეგად ფასის მკვეთრ შემცირებას გამოიწვევს, რეალურად განხორციელებადი პროექტია. კომპანიის კლიენტების Falcon Heavy-ს მომსახურება 90-დან 150 მილიონ დოლარამდე დაუჯდებათ. მაშინ როდესაც უახლოესი კონკურენტის, United Launch Alliance-ის  Delta IV Heavy-ს მომსახურება 350 მილიონი დოლარია.

ამ დროისათვის Falcon Heavy კოსმოსურ ინდუსტრიაში ყველაზე დიდი და მძლავრი რაკეტა მატარებელია. მისი სიგრძე 70 მეტრია, დიამეტრი კი 3,6 მეტრი. პირველი სადემონსტრაციო ფრენა რაკეტამ 2018 წლის 6 თებერვალს კანავერალის კონცხზე (ფლორიდის შტატი) განლაგებული კენედის კოსმოსური ცენტრიდან განახორციელა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები