Thumbnail

NASA და Space X უჩვეულო კოსმოსურ მისიას გეგმავენ

  • დედამიწიდან 11 მილიონი კილომეტრის მანძილზე მყოფ ობიექტს კოსმოსური ხომალდი დაეჯახება
  • მისიამ უნდა დაადგინოს რამდენად არის შესაძლებელი ასტეროიდის კურსის შეცვლა

დედამიწის ასტეროიდებისგან დაცვა ის თემაა, რომელზეც NASA-ს გუნდი წლების განმავლობაში მუშაობს. ჯერ კიდევ 1992 წელს შეერთებული შტატების მთავრობამ კოსმოსური სივრცის კვლევის სამმართველოს დირექტივა მისცა შეექმნა სპეციალური პროგრამა “კოსმოსური უსაფრთხოების” საკითხებთან დაკავშირებით. პროგრამის მიზანი იმ ასტეროიდების გამოვლენა იყო, რომლებიც დედამიწის ორბიტას გადაკვეთენ და პოტენციურად ჩვენი პლანეტისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

მისია DART-ზე (Double Asteroid Redirection Test) მუშაობა ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის სპეციალისტებთან ერთად NASA-ს პლანეტარული თავდაცვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. მისიის მიზანი შემდეგია: კოსმოსური აპარატს, რომლის მასაც 500 კილოგრამი იქნება, ასტეროიდ დიდიმოსის ( 65803 Didymos)  მიმართულებით გაუშვებენ. აპარატი ასტეროიდის თანამგზავრს, რომლის დიამეტრიც სულ 150 მეტრია, 6 კილომეტრ წამში სიჩქარით შეეჯახება.

დიდიმოსი და მისი თანამგზავრი დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. ციურ სხეულთან შეჯახება ასტრონომებს საკუთარი კონცეფციის გამოსაცდელად სჭირდებათ. ასტრონომები შეჯახების შემდეგ ობიექტის ორბიტის ცვლილებას გაზომავენ და გაარკვევენ რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი პოტენციური საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მკვლევარების შეფასებით, ასტეროიდის განადგურებაზე უფრო მიზანშეწონილი მის კურსში ცვლილების შეტანაა, რაც ობიექტთან შეჯახების შედეგად არის შესაძლებელი.

DART- ის პროგრამის ბიუჯეტი 69 მილიონი დოლარია. აქედან 61 მილიონს კერძო კომპანია Space X მიიღებს, რომელიც მისიის კოსმოსში გაშვებას უზრუნველყოფს. Space X-თან კონტრაქტი კომპანიის მიერ შეთავაზებული შედარებით დაბალი ფასის გამო გაფორმდა. Space X-ის პრეზიდენტის გვინ შოთველის განცხადებით:

ვამაყობთ იმით, რომ NASA-ს პარტნიორები ვართ ასეთ მნიშვნელოვან მისიაში. ეს კონტრაქტი ადასტურებს იმას, რომ NASA ჩვენი კომპანიის რაკეტის- Falcon 9-ს შესაძლებლობებში სრულად არის დარწმუნებული. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მნიშვნელოვანი სამეცნიერო მისია წარმატებით დასრულდეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები