Thumbnail

ისრაელი მთვარეზე კიდევ ერთ კოსმოსურ აპარატს გააგზავნის

  • ისრაელი მთვარეზე კიდევ ერთ აპარატ Beresheet 2-ს გააგზავნის
  • მისიას მილიარდელი მორის კანი დააფინანსებს

წარუმატებელი მისიის მიუხედავად კომპანია SpaceiL გეგმის შეცვლას არ აპირებს. ებრაული სტარტაპი კიდევ ერთ მთვარემავალს- Beresheet 2-ს დაამზადებს, რომელსაც დედამიწის თანამგზავრზე გაუშვებენ. პროექტის მთავარმა დამფინანსებელმა, მილიარდელმა მორის კანმა სპეციალურ ვიდეო მიმართვაში ამ გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა:

მე მქონდა დრო დავფიქრებულიყავი იმაზე, რაც მოხდა. იმის გათვალისწინებით, რომ დიდ მხარდაჭერას ვიღებ ადამიანებისგან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მინდა განვაცხადო ახალი პროექტის დაწყების შესახებ. ეს არის Beresheet 2. ჩვენ ეს საქმე დავიწყეთ და მას ბოლომდე მივიყვანთ.

მორის კანის განცხადებით, ეს პროექტიც პირველის მსგავსად მთლიანად კერძო დაფინანსებით განხორციელდება. კერძო კომპანიის მიერ მთვარეზე კოსმოსური აპარატის გაგზავნის იდეა ჯერ კიდევ 2007 წელს გაჩნდა, როდესაც  Google-მა კონკურსი Lunar XPRIZE გამოაცხადა. Google 30 მილიონი დოლარის გადახდას აპირებდა იმ კომპანიისთვის, რომელიც სახელმწიფო კოსმოსური პროგრამების დახმარების გარეშე მოახერხებდა მთვარეზე კოსმოსური აპარატის დასმას. საბოლოოდ შეირჩა 5 საუკეთესო პროექტი, რომელთაგან ერთ-ერთი SpaceiL-ს ეკუთვნოდა. თუმცა კონკურსის პირობებით გამოყოფილ დროში ვერც ერთმა კომპანიამ ვერ მოახერხა მთვარეზე მისიის გაშვება.

მიუხედავად ამისა, ებრაულმა სტარტაპმა პროექტზე მუშაობა მაინც გააგრძელა. კანადელმა მეცენატმა სილვან ადამსმა SpaceiL-ს 5 მილიონი დოლარი ჩაურიცხა. ხარჯების ძირითადი ნაწილი კი მორის კანმა აიღო, რომელმაც სტარტაპი 27 მილიონი დოლარით დააფინანსა.

Beresheet კოსმოსში 2019 წლის 21 თებერვალს გაუშვეს. 4 აპრილს აპარატი დედამიწის თანამგზავრის ორბიტაზე გავიდა, 11 აპრილს კი დაშვება დაიწყო. როდესაც Beresheet მთვარის ზედაპირიდან რამდენიმე კილომეტრში იმყოფებოდა, ხომალდის ძირითადი ძრავი გამოირთო, რაც მისიის წარუმატებლობის მიზეზი გახდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები