Thumbnail

ამერიკელი ბიოლოგი: გლობალურ დათბობას “სუპერმცენარეები” შეაჩერებენ

  • ჯოან ჩორი აცხადებს, რომ  "სუპერმცენარეები" გლობალური დათბობის პროცესს შეაჩერებენ
  • მცენარეთა ახალის სახეობები მეცნიერებმა სელექციის და გენური მოდიფიკაციის გზით გამოიყვანეს

არაერთი სამეცნიერო კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან  განპირობებულია ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით, რომლის შედეგად ძლიერდება ატმოსფეროს სათბურის ეფექტი, რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს. 21–ე საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი ზრდა მინიმუმ 1,1, მაქსიმუმ კი  6,4 °C–ით.

პროფესორი ჯოან ჩორი შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიოლოგია

პროფესორმა ჯოან ჩორიმ სამეცნიერო მოღვაწეობის დიდი ნაწილი გლობალური დათბობის პრობლემის შესწავლას და მისი განეიტრალების მექანიზმების შემუშავებას დაუთმო. ჩორიმ და მისმა სამეცნიერო გუნდმა გამოიყვანეს მცენარის ახალი ჯიშები, რომლებიც  CO2-ს გაცილებით დიდი რაოდენობით შთანთქავენ, ვიდრე ტრადიციული კულტურები. მკვლევარებმა ახალი სახეობების გამოსაყვანად როგორც სელექცია, ასევე გენური მოდიფიკაცია გამოიყენეს. ჩორის ლაბორატორიაში სხვა მცენარეებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კულტურები: სიმინდი, ხორბალი, ბამბა გვხვდება. თავად პროფესორი ჩორი ლაბორატორიაში გამოყვანილ სახეობებს “სუპერმცენარეებად” მოიხსენიებს.

რამდენად შეძლებენ ჯოან ჩორის “სუპერმცენარეები” გლობალური დათბობის პროცესის შეჩერებაში ეფექტური როლი ითამაშონ ? თავად მეცნიერი დარწმუნებულია, რომ ლაბორატორიაში გამოყვანილი მცენარეები ატმოსფეროში CO2-ის რაოდენობის შემცირებას მოახერხებენ. უკვე მიმდინარეობს  მოლაპარაკებები რამდენიმე სადისტრიბუციო კომპანიასთან. მკვლევარებს იმედი აქვთ, რომ “სუპერმცენარეების” დარგვა და დათესვა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში წელსვე დაიწყება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები