Thumbnail

Boston Dynamics რობოტების გაყიდვას ზაფხულში დაიწყებს

  • SpotMini Boston Dynamics-ის პირველი რობოტია, რომელიც გაყიდვაში გამოვა
  • პირველ ეტაპზე კომპანია 100-მდე რობოტს დაამზადებს

რამდენიმე დღის წინ Boston Dynamics-მა საკუთარი რობოტების შესაძლებლობა ვიდეო რგოლში წარმოადგინა. ათმა ერთმანეთზე ჩაბმულმა რობოტმა SpotMini-მ სატვირთო ავტომანქანის ადგილიდან დაძვრა შეძლო. როგორც გაირკვა, SpotMini უცნაური რობოტების დამზადებით ცნობილი კომპანიის პირველი კომერციული პროექტი იქნება.

TechCrunch-ის ოფიციალურ ღონისძიებაზე რობოტი Boston Dynamics-ის პრეზიდენტმა მარკ რაიბერტმა წარადგინა. რაიბერტს იმედი აქვს, რომ SpotMini "რობოტებს შორის ანდროიდი” გახდება. Boston Dynamics-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ ამ რობოტის შექმნაში წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება ჩადო.

SpotMini, რომელსაც ხშირად ძაღლ-რობოტსაც უწოდებენ, სულ 25 კილოგრამს იწონის. ოთხივე “კიდურის” დახმარებით რობოტი სწრაფად და ეფექტურად გადაადგილდება. Boston Dynamics-მა წარმოების დაწყებამდე მოდელი მნიშვნელოვნად განაახლა. მის კონსტრუქციას მაღალი ხარისხის კომპონენტები დაემატა. განახლებული კორპუსი რობოტს სიმაღლიდან გადმოვარდნის შემთხვევაშიც კი დაიცავს. SpotMini-ს კორპუსის წინა და უკანა მხარეს კამერები დაემატა, რაც რობოტს ვითარების შეფასებას და გადაადგილების დროს ორიენტაციას უადვილებს.


SpotMini-ს ფასი ჯერჯერობით უცნობია. პირველ ეტაპზე კომპანია ამ მოდელის 100-მდე რობოტს გამოუშვებს. რობოტების გაყიდვას Boston Dynamics  ზაფხულიდან დაიწყებს. ცნობილია, რომ SpotMini-ს შეძენას იაპონური კომპანიები გეგმავენ. რობოტებს ტოკიოში ცათამბჯენების მშენებლობაზე დაასაქმებენ, სადაც მათ სხვადასხვა ინსტრუმენტების და სამშენებლო მასალების გადატანა დაევალებათ. 

კომენტარები

ბოლო ამბები