Thumbnail

მილიონობით ადამიანს ზედმეტად მარტივი პაროლი უყენია - კვლევა

  • კვლევის თანახმად, გატეხილი ონლაინ ანგარიშების დიდ ნაწილს პაროლად 123456 ეყენა
  • კვლევის ავტორები გვირჩევენ, პაროლად სამი სხვადასხვა სიტყვის კომბინაცია დავაყენოთ

ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ცენტრმა (NCSC) გატეხილი ონლაინ ანგარიშების შესახებ კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანი იყო დაედგინა, თუ რა ტიპის პაროლები აყენებს მომხმარებლების პირადი მონაცემების უსართხოებას საფრთხის ქვეშ.

კვლევის შედეგების თანახმად, გატეხილი ანგარიშების უმრავლესობას - 23 მილიონ მომხმარებელს პაროლად ციფრების ყველაზე მარტივად გამოსაცნობი კომბინაცია - 123456 ეყენა. ყველაზე მარტივად გამოსაცნობ პაროლებში მეორე ადგილს 123456789 იკავებს, რომელსაც მოყვება პაროლები “qwerty”, “password” და 111111.

მარტივად გამოსაცნობ პაროლებში ასევე ხშირად გვხვდება სახელები - Ashley, Michael, Daniel, Jessica და Charlie. არანაკლები პოპულარობით სარგებლობს პრემიერ ლიგის საფეხბურთო გუნდის სახელები. როგორც ჩანს, გატეხილი ანგარიშების მფლობელთა შორის ყველაზე მეტი Liverpool-ის და Chelsea-ს გულშემატკივარი მოხვდა, რადგან მარტივად გამოსაცნობი პაროლების სიაში სწორედ ამ ორი გუნდის დასახელებას ვხვდებით.

ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ცენტრის ტექნიკური დირექტორის, იენ ლევის თქმით, ადამიანები, რომლებიც პაროლად მარტივ სიტყვებს და კომბინაციებს აყენებენ, უფრო დიდი ალბათობით გახდებიან ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი.

“პირადი, სენსიტიური ინფორმაცია არ უნდა დავიცვათ ისეთი მარტივი სიტყვებით, როგორიცაა საკუთარი სახელი და საყვარელი საფეხბურთო გუნდის თუ მუსიკალური ბენდის დასახელება.” - იან ლევი

კვლევის ავტორები გვირჩევენ, პაროლად სამი ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა მარტივად დასამახსოვრებელი სიტყვის კომბინაცია დავაყენოთ. პაროლის გატეხვის ალბათობა მინიმუმამდე მცირდება, თუკი ის მინიმუმ 15 სიმბოლოს შეიცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები