Thumbnail

ჰოლანდიაში ყველაზე უსაფრთხო ველოსიპედი დაამზადეს

  • დელფტის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა უსაფრთხო ველოსიპედი შექმნეს
  • პროტოტიპზე დამონტაჟებული მოწყობილობა ველოსიპედისტს აზღვევს და წონასწორობას ინარჩუნებს

ჰოლანდიაში ველოსიპედისტების უსაფრთხოება სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ამსტერდამის მოსახლეობა 854 ათასს შეადგენს. ქალაქში 847 ათასი ველოსიპედია ანუ ერთ მცხოვრებზე საშუალოდ ერთი ველოსიპედი მოდის. ბოლო 15 წელიწადში საგზაო ინციდენტებმა, რომლებშიც ველოსიპედი ფიგურირებდა, 30 პროცენტით იმატა. ხშირია შემთხვევები, როდესაც ასაკოვანი ადამიანები მართვას კარგავენ, ველოსიპედიდან ვარდებიან და მძიმე ტრავმებს იღებენ. ყოველწლიურად ქვეყანაში ველოსიპედიდან გადმოვარდნის შედეგად მიღებული ტრავმებით 120-მდე ასაკოვანი ადამიანი იღუპება.

სწორედ ამ სტატისტიკის გათვალისწინებით, დელფტის ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ელექტრო ველოსიპედების მწარმოებელ კომპანია Koninklijke Gazelle-თან ერთად უჩვეულო ველოსიპედის პროტოტიპი დაამზადეს. პროფესორი არენდ შვაბი პროექტზე რამდენიმე წელი მუშაობდა და საბოლოოდ ველოსიპედისთვის “ჭკვიანი მოწყობილობა” შექმნა.

დელფტის უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ ველოსიპედი 4კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარით მოძრაობისას, ველოსიპედისტის მიერ წონასწარობის დაკარგვის შემთხვევაშიც კი არ წაიქცევა. პროტოტიპს საჭესთან დამონტაჟებულია აქვს დამატებითი ელექტრო მოტორი. მოტორს წონასწორობის შენარჩუნების მიზნით ველოსიპედისტისგან დამოუკიდებლად შეუძლია გაზარდოს ან შეამციროს მოხვევის რადიუსი.  

მოწყობილობა მათემატიკურ გათვლებს აკეთებს რეალურ დროში, ამიტომაც ველოსიპედზე კომპიუტერიც არის დამონტაჟებული. პროტოტიპი ჯერ კიდევ ტესტირების რეჟიმშია და სერიულ წარმოებამდე გარკვეული დრო გავა.

პირველმა ცდებმა აჩვენა, რომ  სწორი მიმართულებით მივდივართ. პროტოტიპი გარკვეულ დახვეწას ჯერ კიდევ საჭიროებს. ასევე ბოლომდე უნდა ვიყოთ დარწმუნებული სისტემის უსაფრთხოებაში. ველოსიპედის სერიულად წარმოება მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება- არენდ შვაბი.

კომენტარები

ბოლო ამბები