Thumbnail

მიწისქვეშა მაგისტრალი ვაშინგტონს ბალტიმორთან დააკავშირებს

  • აშშ-ს ტრანსპორტის სამინისტრომ მასკის ინოვაციურ პროექტს მხარი დაუჭირა
  • 60 კილომეტრს ელექტრომობილი 15 წუთში გაივლის

The Boring Company-ს მიწისქვეშა მაგისტრალის პროექტმა Loop შეერთებული შტატების ტრანსპორტის სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა მოიპოვა. პროექტი ვაშინგტონიდან ბალტიმორში 57 კილომეტრიანი გვირაბის გაყვანას ითვალისწინებს. ამ გვირაბით დედაქალაქის ცენტრიდან ბალტიმორის ცენტრში ავტომობილი ოთხჯერ უფრო სწრაფად, 15 წუთში მოხვდება. გვირაბში ავტომობილი რელსებზე იმოძრავებს. 

პროექტს გარკვეული შეზღუდვებიც აქვს. გვირაბით მხოლოდ Tesla-ს ავტომობილის მფლობელები ისარგებლებენ. ელექტრომობილის მოდიფიკაციისთვის ანუ იმისათვის, რომ მან რელსებიან გზაზე გადაადგილება შეძლოს, მფლობელს დაახლოებით 200 დოლარის გადახდა მოუწევს. გვირაბში ავტომობილი ავტონომიურ რეჟიმში იმოძრავებს. რელსებზე მოძრავი ელექტრომობილი 240 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს. თავად იდეის ავტორი ილონ მასკი ამბობს, რომ მიწისქვეშა გვირაბში ასეთი სიჩქარით გადაადგილება ტელეპორტაციას ჰგავს.

მასკის თავდაპირველი გეგმით, მიწისქვეშა მაგისტრალს ერთმანეთთან ოთხი დიდი ქალაქი: ნიუ იორკი, ფილადელფია, ბალტიმორი და ვაშინგტონი უნდა დაეკავშირებინა. თუმცა როგორც გაირკვა, The Boring Company-ს მუშაობა მაგისტრალის შემოკლებულ ვერსიაზე მოუწევს. The Verge-ის ინფორმაციით, პროექტს ლობირებას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯარედ კუშნერი უწევს.

პირველი მიწისქვეშა მაგისტრალი მასკის კომპანიამ 2018 წლის დეკემბერში კალიფორნიაში გახსნა. გვირაბის სიგრძე ორი კილომეტრი და 300 მეტრია. ეს გვირაბი დიდი პროექტის ნაწილია, რომლის განხორციელებას The Boring Company სამომავლოდ გეგმავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიწის ქვეშ შესაძლებელია რამდენიმე სართულიანი მაგისტრალების მოწყობა. ილონ მასკს იმედი აქვს, რომ  10 წლის შემდეგ ლოს ანჯელესში სრულფასოვანი მიწისქვეშა გზატკეცილების სისტემა ამოქმედდება, რომელიც მრავალმილიონი ქალაქის საცობებისგან განტვირთვას შეძლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები