Thumbnail

სტუდენტი Apple-ისგან მილიარდ დოლარიან კომპენსაციას ითხოვს

  • სტუდენტი კომპანიას სახის ამომცნობი სისტემის არამიზნობრივ გამოყენებაში ადანაშაულებს
  • ოსმან ბას ბრალად Apple-ის მაღაზიების გაქურდვა ედება

18 წლის სტუდენტი, ოსმან ბა ირწმუნება, რომ ის შეცდომით, Apple-ის სახის ამომცნობი სისტემის არამიზნობრივი გამოყენების გამო დააკავეს. სტუდენტი კომპანიას სასამართლოში უჩივის და მისგან 1 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვს.

ოსმან ბას ბრალად ამერიკის ოთხ სხვადასხვა შტატში მდებარე Apple-ის მაღაზიების გაქურდვა ედება. სტუდენტი სწორედ ამ ბრალდებით გასული წლის შემოდგომაზე, ნიუ იორკში დააკავეს. ოსმან ბას თქმით, მან დაკარგა მართვის მოწმობა, რომლითაც მოგვიანებით ქურდებმა Apple-ის მაღაზიაში იდენტიფიკაცია გაიარეს. სტუდენტის თქმით, მოწმობაზე ფიქსირდებოდა მისი სახელი, მისამართი და სხვა პერსონალური მონაცემები გარდა ფოტოსურათისა. ის ფიქრობს, რომ Apple-მა მართვის მოწმობაზე ასახული ინფორმაცია მაღაზიაში განლაგებული კამერების სახის ამომცნობი ალგორითმის დასაპროგრამებლად გამოიყენა და ის მაშინ დააკავეს, როცა კამერამ მისი სახელის და სახის ერთმანეთთან დაკავშირება შეძლო.

სტუდენტის თქმით, ერთ-ერთი ქურდობა ბოსტონში მდებარე Apple-ის მაღაზიაში მოხდა, ის კი ამ ქალაქში ნამყოფი საერთოდ არ არის. მისი თქმით, ქურდობის დროს არა ბოსტონში, არამედ ნიუ იორკში, საკუთარ ბანკეტზე იმყოფებოდა. ოსმან ბა ამბობს, რომ სასამართლოში საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად შტატიდან შტატში მოგზაურობა უწევს, რამაც მის ნიშნებზე უარყოფითი გავლენა იქონია, რადგან ამ პერიოდში კოლეჯის გაცდენა უწევს.

Apple შემთხვევასთან დაკავშირებით მოკლე განცხადებით შემოიფარგლა, რომ კომპანია მაღაზიებში სახის ამომცნობ სისტემას არ იყენებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები