Thumbnail

მარსზე სეისმური აქტივობა პირველად დაფიქსირდა

  • სეისმომეტრმა SEIS მარსზე სეისმური სიგნალი დააფიქსირა
  • მეცნიერებმა მარსზე სეისმური აქტივობის შესახებ პირველი მტკიცებულება მიიღეს

არის თუ არა სეისმური აქტივობა მარსზე ? მეცნიერებს ამ დრომდე არ ჰქონდათ წარმოდგენა პლანეტის გეოლოგიურ აქტივობაზე და რამდენად არის მსგავსება მარსის და დედამიწის შიდა სტრუქტურებს შორის. მარსმავალმა InSight, რომელიც წითელ პლანეტაზე 2018 წლის 26 ნოემბერს დაეშვა, მარსზე რამდენიმე ხელსაწყო, მათ შორის სეისმომეტრი განალაგა.

2019 წლის აპრილში სეისმომეტრმა SEIS, რომელიც მარსის გრუნტშია განთავსებული, სეისმური სიგნალი პირველად დააფიქსირა. ამ ფაქტით პლანეტაზე სეისმური აქტივობა ოფიციალურად დადასტურდა. სეისმომეტრი საფრანგეთის კოსმოსური სააგენტოს ( CNES) მიერ არის დამზადებული. ის იმდენად მგრძნობიარეა, რომ მარსის ზედაპირზე მეტეორიტების დაცემის ტალღებსაც კი დააფიქსირებს.

ამ მოვლენას რამდენიმე თვე ველოდით. მოხარულები ვართ, რომ საბოლოოდ მივიღეთ იმის მტკიცებულება, რომ მარსი სეისმურად აქტიური პლანეტაა. სეისმომეტრმა სუსტი ბიძგი დააფიქსირა, რომელიც პლანეტის წიაღიდან მოდის. როგორც კი მონაცემებს სრულად შევისწავლით, დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით - ფილიპ ლონიონი, საფრანგეთის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელი.

NASA-ს ადრეც ჰქონდა მცდელობა შეესწავლა მარსის სეისმური აქტივობა. მე- 20 საუკუნის 70-იან წლებში პროგრამა “ვიკინგის” ფარგლებში ინსტრუმენტები აპარატის კორპუსზე განალაგეს, თუმცა პლანეტაზე სეისმური აქტივობის დაფიქსირება ვერ მოხერხდა. “ვიკინგისგან” განსხვავებით InSight-მა ხელსაწყოები, მათ შორის სეისმომეტრი SEIS უშუალოდ მარსის გრუნტში განათავსა, რამაც საბოლოოდ შედეგი მოიტანა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები