Thumbnail

თვითმფრინავი, რომელიც მგზავრობის ხარჯებს რამდენჯერმე შეამცირებს

  • Eviation-ის ელექტრო თვითმფრინავის ძრავებს MagniX დაამზადებს
  • თვითმფრინავის პრეზენტაცია ლე-ბურჟეს ავიაშოუზე იგეგმება

ისრაელის კომპანია Eviation ელექტრო თვითმფრინავის პროექტზე მუშაობას ავსტრალიურ ელექტრო ძრავების მწარმოებელ სტარტაპ MagniX-თან ერთად გააგრძელებს. ბიზნეს-ჯეტზე, რომლის სიგრძეც ცხრა მეტრია, Magni 250-ის ძრავებს დაამონტაჟებენ. თვითმფრინავის პრეზენტაცია ივნისში პარიზში, ლე-ბურჟეს ავიაშოუზე იგეგმება.

Eviation Alice-ის ფრენის მაქსიმალური დისტანცია 1050 კილომეტრია. ორივე კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ MagniX-ის ძრავი და აკუმულატორი ავიაკომპანიების ხარჯებს 70 პროცენტით შეამცირებს. შესაბამისად, მნიშვნელოვნად  დაიკლებს ავიაბილეთების ღირებულებაც.

Eviation-ის თვითმფრინავს ამ ეტაპზე ანალოგი არ მოეძებნება. ჩვენ შეგვიძლია ავიაციაში ახალი სტანდარტები დავნერგოთ. ეს პროექტი როგორც ავიაკომპანიების, ასევე მგზავრების დანახარჯს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ავიაბილეთის ღირებულება დაახლოებით ხუთჯერ ნაკლები იქნება- როი განზარსკი, MagniX-ის დირექტორი.

ლე-ბურჟეს ავიაშოუზე წარდგენის შემდეგ ელექტრო თვითმფრინავს არიზონაში გადაიყვანენ, სადაც მისი გამოცდა გაგრძელდება. ვარაუდობენ, რომ საფრენი აპარატი სერთიფიკაციას შეერთებულ შტატებში 2021 წელს გაივლის, კომერციული რეისების შესრულებას კი 2022 წლიდან დაიწყებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები