Thumbnail

ჩინეთის კოსმოსური სააგენტო - ათ წელიწადში მთვარეზე ბაზა გვექნება

  • ჩინეთი ბაზის აშენებას მთვარის სამხრეთ პოლუსზე გეგმავს
  • ჩინეთის კოსმოსური სააგენტო  წელს მთვარეზე კიდევ ერთ მისიას გაუშვებს

2019 წლის დასაწყისში შეერთებული შტატების მთავრობამ NASA-ს კონკრეტული დირექტივა მისცა. ამერიკელები მთვარეზე უახლოეს 5 წელიწადში უნდა დაბრუნდნენ და ამ მიზნის მისაღწევად NASA-მ ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს. თუმცა დედამიწის თანამგზავრთან დაკავშირებით არანაკლებ ამბიციური გეგმები აქვს ჩინეთის ხელისუფლებასაც. ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს თავმჯდომარე ცზიან კეცზიანი აცხადებს, რომ ათ წელიწადში მის ქვეყანას მთვარეზე საკუთარი ბაზა ექნება. კეცზიანის თქმით, ბაზა მთვარის სამხრეთ პოლუსზე აშენდება.

ბოლო პერიოდში ჩინეთში ხშირად საუბრობდნენ მთვარის კოლონიზაციის შესახებ, თუმცა ამ დრომდე კონკრეტულ თარიღს არ ასახელებდნენ. 2019 წელი ჩინეთის კოსმოსური სააგენტოსთვის წარმატებით დაიწყო. ჩინური ავტომატური სადგური “ჩანე-4’’ პირველი კოსმოსური აპარატი გახდა, რომელიც მთვარის უკანა მხარეს დაჯდა. ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, წლის ბოლომდე მისი ქვეყანა მთვარეზე კიდევ ერთ აპარატს “ჩანე-5”-ს გააგზავნის. ცზიან კეცზიანმა ასევე დაამატა, რომ ჩინეთი მარსზე მისიის გაგზავნის პროექტზეც იწყებს მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის კოსმოსური სააგენტო იმდენად დახურული სტრუქტურაა, რომ ბიუჯეტსაც კი არ ასაჯაროებს. ექსპერტების შეფასებით, 2017 წელს ჩინეთმა კოსმოსურ მისიებში 8,4 მილიარდი დოლარი დახარჯა.

კომენტარები

ბოლო ამბები