Thumbnail

ახალ გეიმინგ სმარტფონს შიდა ვენტილატორი და 8K ვიდეოს ჩაწერის ფუნქცია აქვს

  • სმარტფონი 8K ვიდეოს იღებს
  • ‘Red Magic 3’ 430 დოლარი ეღირება

გარე გაგრილების სისტემები გეიმინგ სმარტფონებში სიახლე არ არის, თუმცა ჩინურმა კომპანია Nubia-მ ახალი გეიმინგ სმარტფონი - Red Magic 3 წარადგინა, რომელიც შიდა ვენტილატორით და თხევადი გაგრილების სპილენძის სითბური მილით არის აღჭურვილი. ამ გზით, სმარტფონის გამოყენება გეიმინგისთვის უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მისი გაცხელების გარეშეა შესაძლებელი.

წინამორბედების და კონკურენტი სმარტფონების მსგავსად, Red Magic 3 სპეციალურად თამაშისთვის განკუთვნილი ღილაკებით და პანელის RGB LED განათებით არის აღჭურვილი. თამაშისთვის განკუთვნილი ღილაკის ფუნქციას ითავსებს სმარტფონის უკანა მხარეს განთავსებული თითის ანაბეჭდის სკანერიც. ახალ გეიმინგ სმარტფონში ვხვდებით Red Magic Game Space 2.0 პანელს, რომელშიც თამაშები და მათი პარამეტრები არის განთავსებული, მათ შორის ვენტილატორის სიჩქარე, ეკრანის ვიდეოს ჩაწერა და შეტყობინებები.

სმარტფონის კამერას ორი განსაკუთრებული მახასიათებელი - 8K ვიდეო და super slow motion რეჟიმი აქვს. Red Magic 3 Android 9 ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს და მას 12GB ოპერატიული მეხსიერება, 256GB შიდა მეხსიერება და 5000 მილიამპერიანი ელემენტი აქვს. სმარტფონი 16 მეგაპიქსელიანი წინა და 48 მეგაპიქსელიანი უკანა კამერით არის აღჭურვილი.

მსოფლიოში პირველი შიდა გაგრილების სისტემის მქონე გეიმინგ სმარტფონი 3 მაისს გამოვა და ის 430 დოლარი ეღირება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები