Thumbnail

დრონით ადგილზე მიტანის სერვისი აშშ-ში ამოქმედდება

  • ავსტრალიის შემდეგ დრონით ადგილზე მიტანის სერვისი აშშ-ში ამოქმედდება
  • Wing Aviation-მა ნებართვა აშშ-ის შესაბამისი უწყებებისგან უკვე მიიღო

კომპანია Wing Aviation-მა ცოტა ხნის წინ ავსტრალიის დედაქალაქ კანბერას მცხოვრებლებს ახალი სერვისი შესთავაზა. გამოწერილ ნივთს ან პროდუქტს მისამართზე დრონი მოიტანს. ეს მსოფლიოში მსგავსი მომსახურების დანერგვის პირველი შემთხვევაა.

ავსტრალიის შემდეგ კომპანია ანალოგიური სერვისს შეერთებულ შტატებში დანერგავს. Wing Aviation პირველი კომპანიაა, რომელმაც  აშშ-ს ორივე რეგულატორის: ტრანსპორტის სამინისტროს და ავიაციის ფედერალური სამმართველოს სერთიფიცირება გაიარა. უახლოეს თვეებში Wing Aviation სერვისის ტესტირებას ვირჯინიის ორ დასახლებულ პუნქტში დაიწყებს.

პროექტი Wing Aviation უკვე ექვსი წელია არსებობს. თავდაპირველად სტარტაპის ინჟინრები მიტანის სერვისის ტესტირებას შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ახორციელებდნენ. კომპანია Starbucks-თან და რესტორნების ქსელ Chipotle-თან თანამშრომლობდა. თუმცა ამერიკაში მუშაობა ქვეყანაში არსებული მკაცრი საჰაერო რეგულაციების გამო აღარ გაგრძელდა. Wing Aviation-ის დირექტორი ჯეიმ რაიან ბერჯესი აშშ-ს რეგულატორისგან შესაბამისი სერთიფიკატის მიღებას “უმნიშვნელოვანეს ფაქტად” ასახელებს არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ზოგადად დრონების ინდუსტრიის განვითარებისთვის.

შეერთებულ შტატებში დრონებს დიდ ქალაქებში და მასობრივი თავშეყრის ადგილებში ფრენა აკრძალული აქვთ. ამ დრომდე ავიაციის ფედერალური სამმართველო დრონით ამანათის ადგილზე მიტანის ნებართვას მხოლოდ სადემონსტრაციო მიზნით გასცემდა.

იმისათვის, რომ Wing Aviation-ს კომერციული ლიცენზია მიეღო, სტარტაპმა ფრენების უსაფრთხოების სპეციალური სამსახური შექმნა. კომპანიის დირექტორი აცხადებს,რომ შემდეგი ეტაპი მოსახლეობასთან დიალოგია. Wing Aviation-ის წარმომადგენლები  ვირჯინიაში შეხვედრებს გამართავენ და ადგილობრივებს სერვისის გამოყენების უსაფრთხოებაში დაარწმუნებენ. აღსანიშნავია, რომ ავსტრალიაში კომერცული მომსახურების დანერგვამდე სერვისის გამოცდა 18 თვე გრძელდებოდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები