Thumbnail

მეცნიერული ჰიპოთეზა- წყალი დედამიწაზე კოსმოსიდან მოხვდა

  • მეცნიერებმა ასტეროიდ იტოკავას გრუნტის ნიმუშებში წყალი აღმოაჩინეს
  • მკვლევარების ნაწილი მიიჩნევს, რომ წყალი დედამიწაზე კოსმოსიდან მოხვდა

დედამიწის ზედაპირის უდიდესი ნაწილი წყალს უკავია. მეცნიერებს დღემდე არ აქვთ ზუსტი წარმოდგენა როგორ გაჩნდა წყალი პლანეტაზე. არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა. ერთ-ერთი ვერსიით პლანეტაზე წყალს მინერალები გამოყოფდნენ. მეცნიერების მეორე ჯგუფი კი მიიჩნევს, რომ წყალი დედამიწაზე კოსმოსიდან: კომეტების და ასტეროიდების ჩამოვარდნის შემდეგ მოხვდა.

დედამიწის ზედაპირის 71 პროცენტი წყალს უკავია

არიზონის უნივერსიტეტის ქიმიკოსების კვლევამ მეორე ვერსიის მომხრეების არგუმენტები გაამყარა. ასტეროიდ იტოკავას გრუნტის ნიმუშების შესწავლისას მეცნიერებმა წყალი აღმოაჩინეს. იმისათვის, რომ წყლის კვალისთვის მიეგნოთ მკვლევარებმა საკმაოდ რთული სპექტრალური ანალიზი ჩაატარეს. გრუნტის ნიმუშში აღმოჩნდა მინერალი პიროქსენი, რომლის კრისტალური სტრუქტურაც წყალს შეიცავს. უნივერსიტეტის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ წყალი დედამიწაზე იტოკავას მსგავსი ასტეროიდების  ჩამოვარდნის შემდეგ მოხვდა.

ჩვენ კოსმოსის ლურჯ წერტილში ვცხოვრობთ, რომელსაც წყლის უზარმაზარი რესურსები გააჩნია. ჩვენი მიზანია პასუხი გავცეთ კითხვას: როგორ გაჩნდა წყალი დედამიწაზე. გამოკვლეულ ნიმუშებში წყლის შემცველობა საკმაოდ დიდია. ამიტომაც ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ასტეროიდებმა და სხვა ციურმა სხეულებმა დედამიწაზე ოკეანეების ფორმირებაში დიდი როლი ითამაშეს- მეტრაიე ბოსი, მკვლევარი

ასტეროიდი იტოკავა

ასტეროიდი იტოკავა 1998 წელს სოკოროს ობსერვატორიის ( ნიუ-მექსიკოს შტატი) ტელესკოპით აღმოაჩინეს. 2005 წელს იაპონური კოსმოსური აპარატი “ჰაიაბუსა” მის ზედაპირზე დაეშვა და გრუნტის ნიმუში აიღო. იტოკავა მზის სისტემის ყველაზე გავრცელებული ასტეროიდების ტიპს განეკუთვნება. ასტრონომები მიიჩნევენ, რომ ეს ასტეროიდი მზის სისტემის ჩამოყალიბების დროს შეიქმნა.

კომენტარები

ბოლო ამბები