Thumbnail

რობოტი-პოლიციელი ამერიკულ პოლიციას მუშაობას გაუმარტივებს

  • რობოტი-პოლიციელი SRI International-ის ინჟინრებმა შექმნეს
  • გამოგონება შესაძლოა მომავალში ამერიკულ პოლიციაში დაინერგოს

ამერიკულ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტ SRI International-ის ინჟინრებმა პოლიციელი დამხმარე რობოტი შექმნეს. პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრების შეფასებით, რობოტი-პოლიციელი ამერიკელი სამართალდამცავების მუშაობას უფრო უსაფრთხოს გახდის. პოლიციელს აღარ მოუწევს გაჩერებულ ავტომობილთან მისვლა და მძღოლის მართვის მოწმობის მოთხოვნა. მის ნაცვლად ამას რობოტი გააკეთებს.

კონსტრუქცია, რომელსაც აქვს შესაძლებლობა რამდენიმე მეტრის სიგრძეზე გაიშალოს, პოლიციის ავტომობილზე იქნება დამონტაჟებული. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ან სხვა საეჭვო მიზეზის გამო გაჩერებულ ავტომობილს სწორედ ეს კონსტრუქცია მიუახლოვდება.

რობოტი აღჭურვილია ვიდეოკამერით, დისპლეით და სკანერით. დისპლეი პოლიციელს საშუალებას მისცემს მძღოლს ავტომობილიდან გადმოსვლის გარეშე გაესაუბროს. მძღოლის იდენტიფიკაცია და მისი მართვის მოწმობის გადამოწმება სკანერით მოხდება. საჭიროების შემთხვევაში პოლიციელი ჯარიმას პრინტერით საშუალებით გამოწერს.

რობოტის შემქნელები აცხადებენ, რომ პოლიციელი-რობოტის გამოცდა პრაქტიკულად დასრულებულია და მისი გამოყენება უკვე შესაძლებელია. SRI International-ში იმედი აქვთ, რომ მათი გამოგონება არა მხოლოდ ამერიკულ პოლიციას, არამედ სხვა ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებსაც დააინტერესებთ.

როგორ მუშაობს რობოტი-პოლიციელი შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოში:

კომენტარები

ბოლო ამბები