Thumbnail

Space X დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრების გაშვებას იწყებს

  • Space X საცდელ თანამგზავრებს ორბიტაზე 15 მაისს გაუშვებს
  • Starlink-ის პროექტის ფარგლებში სულ 12 ათასი თანამგზავრის გაშვება იგეგმება

15 მაისს დედამიწის ორბიტაზე Starlink-ის პროექტის ფარგლებში საცდელ თანამგზავრებს გაუშვებენ. Starlink ილონ მასკის კომპანია Space X-ის ამბიციური პროექტია, რომელიც თანამგზავრული ინტერნეტის ქსელის შექმნას გულისხმობს. პროექტის წარმატებული განხორციელება დიდწილად არის დამოკიდებული სწორედ ამ სტარტზე.

საცდელი თანამგზავრების გაშვება იქნება ერთგვარი დემონსტრაცია თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომავალში. ამ სტარტზეა დამოკიდებული რამდენჯერ გავუშვებთ თანამგზავრებს ორბიტაზე 2019 წელს. ვფიქრობ მინიმუმ სამი, მაქსიმუმ კი შვიდი მისია გვექნება- გვინ შოთველი, Space X-ის პრეზიდენტი.

21-ე საუკუნის 20-იანი წლებში Space X დედამიწის ორბიტაზე 12 ათასი თანამგზავრის გაშვებას გეგმავს. იმისათვის, რომ ქსელმა მუშაობა დაიწყოს 800 თანამგზავრიც საკმარისია. ამ რაოდენობის თანამგზავრებს კომპანია ორბიტაზე სავარაუდოდ 2020 ან 2021 წელს განალაგებს.

პროექტის ტექნიკური დეტალების ძირითადი ნაწილი ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. ცნობილია ის რომ, ტექნოლოგიების ნაწილი ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ექსპერტების შეფასებით, Starlink-ის სახმელეთო სადგურების განლაგება პროექტის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი იქნება.

Space X-ის გეგმაშია, რომ თანამგზავრული ინტერნეტის წვდომა არა მხოლოდ შეერთებული შტატების მოსახლეობას, არამედ დედამიწის ნებისმიერ კონტინენტზე მცხოვრებ ადამიანს ჰქონდეს. Starlink-ის სავარაუდო ღირებულება 10 მილიარდი დოლარია, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ,რომ ამ დანახარჯს კომპანია პროექტის ამუშავებიდან მოკლე პერიოდში ამოიღებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები