Thumbnail

5 ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე Google-ისგან

კალიფორნიაში 7-დან 9 მაისის ჩათვლით Google-ის დეველოპერების ყოველწლიური კონფერენცია I/O მიმდინარეობს. კომპანიამ კონფერენციაზე უკვე არაერთი სიახლე წარადგინა როგორც ახალი მოწყობილობების, ასევე განახლებული პროგრამების შესახებ.

გთავაზობთ 5 ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეს Google-ის I/O კონფერენციიდან:

სმარტფონები Pixel 3A და Pixel 3A XL

Google-მა Pixel-ის სმარტფონის შედარებით ხელმისაწვდომი ვერსიები - 3A და 3A XL გამოუშვა. სმარტფონების ფასი 399$-იდან იწყება. ფასის მიუხედავად, სმარტფონების კამერას Pixel-ის სხვა მოდელების ცნობილი კამერის მსგავსი ფუნქციები აქვს, მათ შორის ფუნქციები Night Sight, Super Res Zoom და წინა და უკანა კამერის პორტრეტის რეჟიმი.

Pixel-ის ხელმისაწვდომი მოდელები პრემიუმ მოდელებისგან განსხვავებით წყალგამძლე არ არის მათში არ გვხვდება უკაბელო დატენვის ფუნქცია. ასევე, 3A-ს და 3A XL-ის ფოტოები Googe-ის Cloud სერვისზე არა სრული, არამედ შემცირებული რეზოლუციით იტვირთება.

ახალი სმარტფონები შავ, თეთრ და იასამნისფერ ფერებში იქნება ხელმისაწვდომი. Pixel-ის ახალი მოდელების გაყიდვა 13 ქვეყანაში უკვე დაიწყო. 

ოპერატიული სისტემა Android Q Beta 3

ოპერატიული სისტემა Android Q Beta 3 უკვე ხელმისაწდომია და ის არაერთ სიახლეს გვთავაზობს. მაგალითად, მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ანდროიდის ყველა სტანდარტულ აპლიკაციაში Dark Mode გააქტიურონ. ოპერატიულ სისტემას ასევე ახალი რეჟიმი, Focus დაემატა, რომლიც “ციფრულ სიჯანსაღეს” ემსახურება. რეჟიმის გააქტიურების შემხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე აპლიკაცია, რომელთა გამოყენებაც გსურთ, დანარჩენი აპლიკაციები კი ავტომატურად გაითიშება. Focus რეჟიმის მიზანია, მომხმარებლებს სხვადასხვა სიტუაციაში, მაგალითად სამსახურში სმარტფონის გამოყენების დროს ყურადღება ნაკლებად გაეფანტოთ. 

გარდა ამისა, ამავე ფუნქციით მშობლები შეძლებენ, საკუთარი ანგარიში შვილის ანგარიშს დაუკავშირონ და განსაზღვონ, თუ რომელ აპლიკაციებზე შეუძლიათ ჰქონდეთ წვდომა მათ. 

ავტომატური სუბტიტრები ყველა ვიდეოზე

Android Q-ს Live Captions რეჟიმი ნებისმიერ ვიდეოზე სუბტიტრებს ავტომატურად გაუშვებს. სიახლე ვრცელდება როგორც ტელეფონის გალერიის ვიდეოებზე, ასევე ინტერნეტში განთავსებულ ვიდეოებსა და ვიდეოზარებზეც კი. კომპანიის თქმით, ფუნქცია სმენის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის შეიქმნა, თუმცა მისი გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგალითად ვიდეოს ხმაურში ყურების დროს.

Google Maps-ის ინკოგნიტო რეჟიმი

ძიების ისტორიის ავტომატური წაშლის ფუნქციის შემდეგ Google Maps-ს ინკოგნიტო რეჟიმი დაემატება, რაც გულისხმობს, რომ რუკაზე მოძებნილი მისამართების და გავლილი მარშრუტების შესახებ ინფორმაცია არ შეინახება. ამ გზით კომპანია ცდილობს დაამტკიცოს, რომ მომხმარებელს საკუთარ მონაცემებზე, მათ შორის მონაცემებზე ადგილმდებარეობის შესახებ, სრული კონტროლი აქვს. ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც აპლიკაციაში, ასევე ვებგვერდზე.

ე.წ. გაფართოებული რეალობა (augmented reality) საძიებო სისტემაში

Google-მა საძიებო სისტემას ე.წ. გაფართოებული რეალობის (AR) ფუნქცია დაამატა, რაც გულისხმობს, რომ თუკი საძიებო სიტყვას AR-ის მხარდაჭერა აქვს, მის ნახვას 3D-ში, ნებისმიერ გარემოში შეძლებთ. მაგალითად, ონლაინ შოპინგის დროს შეგიძლიათ ნივთები ყველა მხრიდან დაათვალიეროთ და გადაწყვეტილება სწორედ ამის შემდეგ მიიღოთ. ძიების შედეგებში 3D ობიექტები წლის ბოლოდან გამოჩნდება. Google ამ მიმართულებით სხვადასხვა კომპანიებთან აქტიურად თანამშრომლობს, რომელთა შორისაა Nasa, New Balance, Samsung, Target, Volvo და სხვა.

კომენტარები

ბოლო ამბები