Thumbnail

ამერიკული სტარტაპი რაკეტებს 3D პრინტერით ამზადებს

  • რაკეტების დამზადების ინოვაციური მეთოდით აშშ-ს სამხედრო ძალები დაინტერესდნენ
  • Relativity Space რაკეტებს კანავერალის კონცხზე განლაგებულ კოსმოდრომზე გამოცდის

Relativity Space კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც სამი წლის წინ ტიმ ელისმა დააარსა. ერთი შეხედვით Relativity Space არაფრით განსხვავდება სხვა კერძო კომპანიებისგან, რომლებიც აშშ-ში ამ მიმართულებით მუშაობენ. სტარტაპს ჯერჯერობით საცდელი მისიაც კი არ შესრულებია. მიუხედავად ამისა, Relativity Space-მა 2019 წელს აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებთან კონტრაქტი გააფორმა. სტარტაპის მომსახურებით კიდევ სამი დიდი კომპანია დაინტერესდა. მიზეზი რაკეტების დამზადების უჩვეულო მეთოდია.

Relativity Space კოსმოსურ რაკეტა-მატარებელს 3D პრინტერით ამზადებს. კომპანიის დამფუძნებელი ტიმ ელისი ამბობს, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენებით რაკეტების დამზადება ბევრად სწრაფად ხდება. ამავე დროს, რაკეტის წარმოებაც უფრო იაფია. მრავალჯერადი რაკეტა-მატარებლით Terran 1-ით ორბიტაზე თანამგზავრის გაშვება 10 მილიონი დოლარი დაჯდება, რაც სხვა კოსმოსური კომპანიების ანალოგიურ მომსახურებაზე მნიშვნელოვნად იაფია.

Terran1-ის გამოცდა 2020 წელს იგეგმება. რაკეტის კომპონენტების 95 პროცენტს 3D პრინტერით დაბეჭდავენ. ერთი წლის განმავლობაში სტარტაპმა 45 მილიონი დოლარის ინვესტიციები მოიზიდა, მისი თანამშრომლების რაოდენობა კი თოთხმეტიდან ოთხმოცდახუთამდე გაიზარდა. მათ შორის არის ილონ მასკის კომპანია Space X-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ტიმ ბუზა.

რაკეტების დამზადების ინოვაციურ მიდგომას ამერიკული სამხედროებიც  ენთუზიაზმით შეხვდნენ. სამხედრო-საჰაერო ძალებმა სტარტაპთან ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც Relativity Space რაკეტების გამოსაცდელად კანავერალის კონცხზე განლაგებულ კოსმოდრომს გამოიყენებს. კონტრაქტის მიხედვით ამერიკული  სტარტაპი კოსმოდრომზე რაკეტების გამოცდას უახლოეს ხუთ წელიწადში შეძლებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები