Thumbnail

ალგორითმი მკერდის კიბოს ალბათობას წინასწარ დაადგენს

  • ხელოვნური ინტელექტი მკერდის კიბოს გაჩენის ალბათობას წინასწარ დაადგენს
  • ალგორითმი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტში შექმნეს

მკვლევარებმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა შექმნეს, რომელიც მამოგრამის გაანალიზების გზით ქალებში მკერდის კიბოს წარმოქმნის რისკს 5 წლით ადრე წინასწარმეტყველებს. ღრმა სწავლების (deep learning) მოდელი მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის მკვლევარებმა შექმნეს. სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, მეთოდი მუშაობს როგორც თეთრკანიან, ასევე შავკანიან ქალებზე. 

JAMA Surgery-ს 2018 წლის ანგარიშის თანახმად, მკერდის კიბოს გამოვლენისა და მკურნალობის ამჟამინდელი გაიდლაინები ძირითადად თეთრკანიან მოსახლეობაზეა მორგებული, რის გამოც ამ დაავადებით გარდაცვალების ალბათობა შავკანიან ქალებში 43 პროცენტით მეტია.

სისტემის შესაქმნელად მეცნიერებმა მასაჩუსეტსის საავადმყოფოს 60,000 პაციენტის მამოგრამა გამოიყენეს და სისტემაში შეიყვანეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელ პაციენტებს განუვითარდათ მკერდის კიბო სკრინინგიდან 5 წლის განმავლობაში. მონაცემების დახმარებით მანქანური მოდელი მამოგრამაში მკერდის ქსოვილის უმცირეს ცვლილებებსაც კი აფიქსირებს და ამ გზით კიბოს განვითარების რისკს წინასწარმეტყველებს. 

მკვლევარების თქმით, თუკი ტექნოლოგია მსოფლიოს მასშტაბით გახდა ხელმისაწვდომი, მკერდის კიბოს დიაგნოსტიკის საერთაშორისო პრაქტიკა საგრძნობლად დაიხვეწება.

კომენტარები

ბოლო ამბები