Thumbnail

ჯეფ ბეზოსმა კოსმოსურ აპარატ Blue Moon-ის პროტოტიპი წარმოადგინა

  • Blue Origin მთვარის მისიისთვის აპარატის შექმნაზე სამი წელია მუშაობს
  • მოდულ Blue Moon-ის პროტოტიპის პრეზენტაცია ვაშინგტონში გაიმართა

ვაშინგტონში დახურულ ღონისძიებაზე Amazon-ის და აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა მოდულ Blue Moon-ის პროტოტიპი წარადგინა. ეს აპარატი მთვარეზე მისიისთვისაა გამიზნული. ბეზოსის განცხადებით, კოსმოსური აპარატის შექმნაზე მისი კომპანია უკვე  სამი წელია მუშაობს.

ბეზოსმა მოდულის ტექნიკური მახასიათებლებზე მოკლედ ისაუბრა. მისი განცხადებით, აპარატს მთვარეზე 3,6-დან 6,5 ტონამდე ტვირთით დაშვება შეუძლია. საჭიროების შემთხვევაში Blue Moon დედამიწის თანამგზავრზე დიდ პილოტირებულ მთვარემავალს გადაიყვანს. აპარატი ნავიგაციის უახლესი სისტემით იქნება აღჭურვილი. მისი ძრავა BE-7 თხევად წყალბადზე იმუშავებს.  აპარატის ძრავის გამოცდა ზაფხულში დაიწყება. 

როგორც ცნობილია, შეერთებული შტატების მთავრობამ NASA-ს კონკრეტული დირექტივა მისცა 2024 წელს მთვარეზე პილოტირებული მისია გააგზავნოს. კოსმოსური სივრცის კვლევის სამმართველოს ჯერჯერობით კონგრესისთვის წარდგენილი არ აქვს მთვარის პროგრამის ფინანსური ხარჯების ანგარიში. ასევე უცნობია პროექტის ტექნიკური დეტალები. ანალიტიკოსების შეფასებით, ჯეფ ბეზოსი ამ პრეზენტაციით გარკვეულწილად ცდილობს NASA-ს მთვარის პროგრამაში საკუთარი კომპანია ჩართოს.     

ეს საოცარი აპარატია და მას მთვარეზე აუცილებლად გავუშვებთ. Blue Origin-ს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს ამერიკელების მთვარეზე დაბრუნების მისიაში, რადგან ჩვენ ამ პროქტზე მუშაობა ჯერ კიდევ სამი წლის წინ დავიწყეთ- ჯეფ ბეზოსი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები