Thumbnail

Louis Vuitton-მა დრეკადი ეკრანით აღჭურვილი ჩანთები გამოუშვა

  • მოდის სახლმა ეკრანიანი ჩანთების პროტოტიპი წარადგინა
  • ჩანთები 1920x1440 AMOLED ეკრანით არის აღჭურვილი

ტექნიკის სამყაროში დრეკადი ეკრანები სულ უფრო აქტუალური ხდება და ბევრი კომპანია მათი გამოყენებით სხვადასხვა პროდუქტს ქმნის. ამჯერად ახალ ტექნოლოგიურ ტრენდს ფრანგული მოდის სახლი, Louis Vuitton-ი შეუერთდა, რომელმაც დრეკადი, 1920x1440 რეზოლუციის AMOLED ეკრანით აღჭურვილი ჩანთები შექმნა.

ჩანთების პროტოტიპი ფრანგულმა ბრენდმა მიმდინარე კვირას ნიუ იორკში, CRUISE 2020 ჩვენებაზე წარადგინა. ჩანთის ერთ ვარიანტს ერთი, მეორე ვარიანტს კი ორი ეკრანი აქვს. ჩვენების დროს, ეკრანებზე ქალაქის ხედები და ინტერნეტ ბრაუზერის სქროლვის პროცესი იყო გამოსახული. ლუი ვიტონის წარმომადგენლის თქმით, “ციფრული ტილო” მოდის მომავალია.

“ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ინოვაციას და მოდის სხვა სფეროებთან შერწყმის გზებს” - ლუი ვიტონის წარმომადგენელი

ლუი ვიტონის მოდის სახლი იმედოვნებს, რომ მიუხედავად ციფრული ეკრანით აღჭურვილი ჩანთის სპეციფიკურობისა, ის საზოგადოების მაღალ ინტერესს გამოიწვევს. “ეკრანიანი ჩანთა სმარტფონის დამატებით ნაწილად არის ჩაფიქრებული.” - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

მოდის სახლი არ აკონკრეტებს, ითანამშრომლეს თუ არა ჩანთების შესაქმნელად ტექნიკის რომელიმე კომპანიასთან. ასევე უცნობია, გამოვა თუ არა ჩანთები გაყიდვაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები