Thumbnail

მასკმა ორბიტაზე გასაშვები სატელიტური თანამგზავრების ფოტო გაავრცელა

  • რაკეტა Falcon 9 ორბიტაზე პირველად 60 სატელიტურ თანამგზავრს გაიყვანს
  • Starlink-ის პროექტი ამოქმედება 2020 წელს იგეგმება

ილონ მასკის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტის- თანამგზავრული ინტერნეტის ქსელის შექმნას დაახლოებით ათი წელი დასჭირდება. პროექტი 2019 წლის მაისში იწყება. რაკეტა Falcon 9 პირველივე ჯერზე დედამიწის ორბიტაზე ერთდროულად  60 თანამგზავრს გაიყვანს. რაკეტაზე დამაგრებული სატელიტური თანამგზავრების ფოტო ინტერნეტში თავად მასკმა გაავრცელა.

 

რაკეტა Falcon 9-ს აქამდე ასეთი მასშტაბური მისია არ ჰქონია. თანამგზავრების საერთო მასა 13 ტონას აღემატება. იმისათვის, რომ ისინი რაკეტაზე განეთავსებინათ სპეციალური დიზაინი მოიფიქრეს. თანამგზავრის რაკეტისგან გამოყოფის სისტემა წინასწარ არ გამოუცდიათ. ასე რომ Space X-ის გუნდი  პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებს. თავად ილონ მასკიც  უჩვეულო სიფრთხილეს იჩენს და  აცხადებს, რომ პირველი სტარტის დროს გარკვეული ტექნიკური ხარვეზები მოსალოდნელია.

იმისათვის, რომ სისტემამ მუშაობა დაიწყოს, Falcon 9-მ კიდევ ექვსჯერ უნდა გაიყვანოს ორბიტაზე 60-60 თანამგზავრი. Starlink-ის ამოქმედებას 2020 წელს აპირებენ. Space X-ის გეგმაშია, რომ თანამგზავრული ინტერნეტის წვდომა არა მხოლოდ შეერთებული შტატების მოსახლეობას, არამედ დედამიწის ნებისმიერ კონტინენტზე მცხოვრებ ადამიანს ჰქონდეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები