Thumbnail

Apple-ის საკრედიტო ბარათის პირველი ფოტოები გავრცელდა

  • Apple Card-ის პირველი ფოტოები გავრცელდა
  • ბარათს მინიმალისტური დიზაინი აქვს

ჟურნალისტმა ბენ გესკინმა Twitter-ზე Apple-ის საკრედიტო ბარათის, Apple Card-ის ფოტოები გაავრცელა. ჟურნალისტის თქმით, საკრედიტო ბარათების საცდელი ვერსიით Apple-ის თანამშრომლები უკვე სარგებლობენ, აღნიშნული ფოტოები კი სწორედ Apple-ის თანამშრომლისგან მიიღო.

Apple-ის ბარათი ტრადიციული საკრედიტო ბარათისგან დიზაინით საგრძნობლად განსხვავებული - მინიმალისტური დიზაინის ბარათი ტიტანისგან არის დამზადებული და მის წინა მხარეს მხოლოდ მფლობელის სახელი, Apple-ის ლოგო და საბანკო ჩიპია განთავსებული, უკანა მხარეს კი Apple-ის საბანკო პარტნიორების, Mastercard and Goldman Sachs’-ის ლოგოები. ბარათზე არ არის გამოსახული 16-ნიშნა ნომერი, CCV კოდი და ბარათის მოქმედების ვადა, თუმცა, თუკი რომელიმე საიტს Apple Card-ის მხარდაჭერა არ აქვს, მომხმარებელს საჭიროების შემთხვევაში 16-ნიშნა ნომრის გენერირება შეუძლია.

მომხმარებელი, რომელიც Apple-ის საკრედიტო ბარათს შეუკვეთავს, მას ფერად შეფუთვაში მიიღებს. ბარათის გასააქტიურებლად, მან ბარათის შეფუთვაში ჩასმული NFC თეგი iPhone-ის საფულის აპლიკაციასთან უნდა დააკავშიროს, რის შემდეგაც ბარათი ციფრულ საფულეში ავტომატურად აისახება.

ბარათის გამოყენება შესაძლებელია როგორც ფიზიკურად, ასევე უკონტაქტოდ , Apple Pay-ს აპლიკაციით. Apple-ის თქმით, ბარათს საკომისიო გადასახადი არ აქვს. Apple Card ამერიკაში მიმდინარე წლის ზაფხულში გამოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები