Thumbnail

ხელოვნურმა ინტელექტმა ვისკის რეცეპტი შექმნა

  • მსოფლიოში პირველად ვისკის შესაქმნელად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს
  • ვისკი შემოდგომაზე გამოვა

კარგი ვისკის შექმნას დიდი დრო უნდა - პროცესი შესაძლოა რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაშიც კი გაგრძელდეს. თავდაპირველად, ვისკის შემქმნელები რამდენიმე თვის განმავლობაში საჭირო ინგრედიენტებს - მარცვლეულს, წყალს და საფუარს ერთმანეთში აზავებენ, შემდეგ კი ვისკის დაძველების დრო დგება. მაგალითად, სკოჩის მუხის კასრში დაძველებას სულ მცირე სამი წელი სჭირდება. ვისკის გემოს, სუნს და ფერს სწორედ მისი დაძველების მეთოდი განაპირობებს.

იდეალური რეცეპტის საპოვნელად, ვისკის შემქმნელები შესაძლოა მთელი კარიერის განმავლობაში მუდმივად ექსპერიმენტების ჩატარების პროცესში იყვნენ, თუმცა მათ უკვე ახალი დამხმარე გამოუჩნდათ - 20-წლიანი ისტორიის მქონე ვისკის მწარმოებელი შვედური კომპანია Mackmyra Microsoft-თან თანამშრომლობით ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი რეცეპტით დამზადებულ ვისკის გამოუშვებს. ეს ხელოვნური ინტელექტის მიერ სამომხმარებლო პროდუქტის კომპლექსური რეცეპტის შექმნის პირველი შემთხვევაა. 

რეცეპტის შესაქმნელად, ხელოვნური ინტელექტი ამუშავებს მონაცემებს მწარმოებლის საფირმო რეცეპტების, გაყიდვების რაოდენობის და იმის შესახებ, თუ რა კომპონენტებს ანიჭებენ მომხმარებლები უპირატესობას ვისკის შეძენის დროს. პროცესში ალგორითმების ჩართვის მიზანია, შეიქმნას ვისკის რეცეპტების ისეთი კომბინაციები, რომელთა შექმნა ადამიანებს უბრალოდ არ მოაფიქრდებოდათ.

მიუხედავად ამისა, Mackmyra-ს წარმომადგენლის თქმით, რობოტები ამ სფეროში ადამიანების ადგილს ვერ დაიკავებენ. 

“ვისკის რეცეპტს ხელოვნური ინტელექტი ქმნის, თუმცა ექსპერტების ცოდნა შეუცვლელია. საბლოლოო გადაწყვეტილებას პროდუქტის შესახებ მაინც ადამიანი იღებს.” - ნათქვამია Mackmyra-ს განცხადებაში

ხელოვნური ინტელექტის რეცეპტით შექმნილი ვისკი შემოდგომაზე გამოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები