Thumbnail

აპოლოს შემდეგ არტემისი - ახალი ამერიკული მისიის სახელწოდება ცნობილია

  • პილოტირებული მისიის ეკიპაჟში ქალი ასტრონავტი იქნება
  • NASA მისიის განხორციელებას 2024 წელს გეგმავს

2024 წელს შეერთებული შტატები მთვარეზე დაბრუნებას გეგმავს. კოსმოსური სივრცის კვლევის სამმართველოს  კონგრესში მთვარის პროგრამის ფინანსური ხარჯების ანგარიში ჯერ არ წარუდგენია. თუმცა უკვე ცნობილია მთვარეზე ახალი ამერიკული მისიის სახელწოდება. 1969 წელს აპოლოს პროგრამის ფარგლებში პილოტირებული მისიის დროს მთვარეზე ფეხი პირველად მამაკაცმა დადგა. 2024 წელს ამ მისიას NASA ქალ ასტრონავტს დააკისრებს. პროგრამის სახელწოდებაც სწორედ აქედან გამომდინარე შეირჩა. არტემისი (იგივე არტემიდა) ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთი, აპოლონის ტყუპის ცალია.

NASA-ს დირექტორმა ჯიმ ბრაიდენსტაინმა ჯერ კიდევ აპრილში, როდესაც პილოტირებული მისიის სახელწოდება ცნობილი არ იყო, განაცხადა, რომ ეკიპაჟის ერთი წევრი ქალი იქნებოდა.

პირველი ამერიკელი, რომელიც ოცდამეერთე საუკუნეში მთვარეზე ფეხს დადგამს ქალი იქნება. ეს არის ჩვენი მიზანი. მე პირადად 11 წლის შვილი მყავს. როდესაც ჩემი გოგო გაიზრდება, მინდა ჰქონდეს რწმენა, რომ თავადაც შეუძლია გახდეს ასტრონავტი და მთვარეზე გაემგზავროს- ჯიმ ბრაიდენსტაინი, NASA-ს დირექტორი.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და NASA-ს დირექტორი ჯიმ ბრაიდენსტაინი

ახალი პილოტირებული მისიის ტექნიკური დეტალები ჯერჯერობით უცნობია. იმის გათვალისწინებით, რომ კერძო კომპანიები: ჯეფ ბეზოსის Blue Origin და ილონ მასკის Space X ასევე გეგმავენ მთვარეზე პილოტირებული მისიის გაშვებას, არაა გამორიცხული რომ NASA-მ არტემისის პროგრამის განხორციელების დროს მათთან თანამშრომლობა გადაწყვიტოს.

კომენტარები

ბოლო ამბები