Thumbnail

Lenovo დასაკეცი დისპლეის მქონე ნოუთბუქს გამოუშვებს

  • Lenovo დასაკეცი დისპლეის მქონე ნოუთბუქზე სამი წელია მუშაობს
  • ThinkPadX1-ს 2020 წელს გამოუშვებენ

დასაკეცი სმარტფონების შექმნა კომპანიებისთვის ახალი გამოწვევაა. Lenovo-მ გადაწყვიტა Samsung-ზე და Huawei-ზე უფრო შორს წავიდეს და სმარტფონის ნაცვლად დასაკეცი ნოუთბუქის პროტოტიპი წარმოადგინა. ThinkPadX1-ს 13,3 დუიმის დისპლეი აქვს, რომელიც შუაზე შეიძლება გადაკეცოთ და მისი ერთი მხარე კლავიატურისთვის გამოიყენოთ.

Lenovo დასაკეც ნოუთბუქზე უკვე სამი წელია მუშაობს, თუმცა მის გამოშვებას 2020 წლამდე არ გეგმავს. პროტოტიპი ჯერ კიდევ ტესტირების რეჟიმშია. ნოუთბუქის დასაკეცი დისპლეი ბევრისთვის  უცნაური იდეაა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ინოვაციის მიზანი კომპაქტური ნოუთბუქის შექმნაა. გადაკეცილი მოწყობილობა წიგნს ჰგავს და სტანდარტულ ლეპტოპზე გაცილებით მსუბუქია.

ThinkPadX1-ის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატში: ბოლომდე გაშლილი, როგორც დიდი პლანშეტი, ნაწილობრივ გაშლის შემთხვევაში მოწყობილობის მარჯვენა მხარეს კლავიატურის ფუნქცია ექნება. ნოუთბუქის ელემენტი სწორედ ამ ნაწილშია მოთავსებული. ThinkPadX1-ის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ კომპანია დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებს. ცნობილია, რომ ნოუთბუქი Intel-ის პროცესორზე მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია დასაკეცი ნოუთბუქის ღირებულება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები