Thumbnail

NASA-ს მთვარის მისიისთვის მოდულის შექმნაში კერძო კომპანიები დაეხმარებიან

  • არტემისის მისიისთვის მოდულის შექმნაში 11 კერძო კომპანია მიიღებს მონაწილეობას
  • კომპანიები სახელმწიფოსგან 45,5 მილიონ დოლარს მიიღებენ

რამდენიმე დღის წინ NASA-მ მთვარის პილოტირებული მისიის სახელწოდება ოფიციალურად გააჟღერა. ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე არტემისის პროგრამის ფარგლებში დაბრუნდებიან. პილოტირებული მისია დედამიწის თანამგზავრზე 2024 წელს უნდა განხორციელდეს. ეკიპაჟის წევრებს შორის ქალი ასტრონავტიც იქნება. არტემისის პროგრამისთვის კოსმოური მოდულის დამზადებას NASA კერძო კომპანიებთან ერთად გეგმავს. უკვე შერჩეულია 11 კომპანია, რომლებიც მოდულის პროტოტიპზე დაიწყებენ მუშაობას.

იმისათვის, რომ მთვარეზე დაბრუნების პროექტი დაჩქარებულად განხორციელდეს, გადავწყვიტეთ შეგვეცვალა ჩვენი ტრადიული მიდგომები. ყველა დონეზე გავამარტივებთ ბიუროკრატიულ პროცესებს. ეს შეეხება როგორც ახალი ტექნოლოგიების შემუშავებას, ასევე შესყიდვებს და კონტრაქტების ხელმოწერას. სახელმწიფოს და კერძო კომპანიების თანამშრომლობა მისიის წარმატებით დასრულების აუცილებელი წინაპირობაა- მარშალ სმითი, NASA-ს მთვარის კვლევის პროგრამის ხელმძღვანელი.


ნახევარი წლის განმავლობაში შერჩეული კომპანიები ( Aerojet Rocketdyne, Blue Origin, Boeing, Dynetics, Lockheed Martin, Masten Space Systems, Northrop Grumman Innovation Systems, OrbitBeyond, Sierra Nevada Corporation, SpaceX и SSL) კოსმოსური აპარატის პროტოტიპის შემუშავებაზე, ასევე მისიის სხვა ტექნიკურ დეტალებზე იმუშავებენ.

ცნობილია, რომ NASA მთვარის მისიისთვის მრავალჯერადი კოსმოსური აპარატების გამოყენებას გეგმავს, ამიტომ კომპანიებმა სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშაონ. პროგრამა NextSTEP დაფინანსებაში კერძო კომპანიების მონაწილეობასაც გულისხმობს. კომპანიები სახელმწიფოსგან 45,5 მილიონ დოლარს მიიღებენ, მათ კი პროექტის ღირებულების 20 პროცენტი თავად უნდა დაფარონ.

ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ, რომ მუშაობა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს. პროგრამა NextSTEP პარტნიორ კომპანიას შესაძლებლობას აძლევს პროექტში ჩაერთოს იმ დროს, როდესაც მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს - გრეგ ჩეივერსი, მარშალის კოსმოსური ცენტრის წარმომადგენელი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები