Thumbnail

Huawei-მ Android-ის მხარდაჭერა დაკარგა

  • მიზეზი კომპანიის და აშშ-ის მთავრობის დაპირისპირებაა
  • შეზღუდვა Huawei-ს ამჟამინდელ სმარტფონებს არ შეეხება

Google-მა Huawei-ს Android-ის მხარდაჭერა შეუწყვიტა, რაც ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტისთვის დიდი დარტყმა იქნება. ინფორმაციას BBC ავრცელებს. შეზღუდვა გულისხმობს, რომ Huawei-ს ახალ სმარტფონებს Google-ის ოპერატიულ სისტემასა და გარკვეულ აპლიკაციებზე წვდომა აღარ ექნება. გავრცელებული ინფორმაციით, Huawei-ს არსებულ მოდელებზე Google-ის აპლიკაციები არ შეიზღუდება.

Google-ის ნაბიჯის წინაპირობა Huawei-სა და ტრამპის ადმინისტრაციის დაპირისპირებაა. აშშ-ის მთავრობამ Huawei იმ კომპანიების სიაში შეიყვანა, რომელთაც დამატებითი ლიცენზიის გარეშე ამერიკული საკომუნიკაციო სერვისების გამოყენება აეკრძალა.

"ჩვენ ვემორჩილებით აშშ-ის მთავრობის ბრძანებას, იმავდროულად კი ვუზრუნველყოფთ Google-ის სერვისების Huawei-ს არსებულ სმარტფონებზე ფუნქციონირებას.” - Google

რა შეიცვლება Huawei-ს მომხმარებლებისთვის?

Huawei-ს არსებული მომხმარებლები აპლიკაციების და Google Play სერვისების განახლებას ჩვეულებისამებრ შეძლებენ, თუმცა შესაძლოა მათთვის Android-ის სისტემური განახლება შეიზღუდოს, რომლის გამოშვებაც მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება. 

კომპანიის ახალ სმარტფონებზე კი სავარაუდოდ Google-ის აპლიკაციებზე, მათ შორის Youtube-სა და Google Maps-ზე წვდომა შეიზღუდება. Huawei მხოლოდ Android-ის ღია პროგრამული უზრუნველყოფის ოპერატიული სისტემის გამოყენებას შეძლებს. Huawei კომენტარს ამ თემაზე  ჯერჯერობით არ აკეთებს.

კომენტარები

ბოლო ამბები