Thumbnail

Doggo - რობოტი, რომლის აწყობა ნებისმიერს შეუძლია

  • ოთხფეხა რობოტი სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს
  • მსურველს შეუძლია Doggo-ს დეტალები იყიდოს და რობოტი თავად ააწყოს

სტენფორდის უნივერსიტეტის (კალიფორნია) სტუდენტებმა ოთხფეხა რობოტი წარმოადგინეს, რომლის აწყობაც ნებისმიერს შეუძლია. მსურველს შეუძლია რობოტის ყველა დეტალი თავად იყიდოს, ექნება წვდომა პროგრამულ უზრუნველყოფაზე, შესაბამისი ინსტრუქცია კი ავტორებმა ერთ-ერთ საიტზე განათავსეს.

რობოტი Doggo  სხვადასხვა აკრობატულ ტრიუკებს, მათ შორის სალტოს ასრულებს. ასევე შეუძლია სიმაღლეზე ახტომაც. მთლიანობაში Doggo სხვა ოთხფეხა რობოტებისგან დიდად არ განსხვავდება, მაგრამ მისი აწყობა საკმაოდ იაფი ჯდება. მსგავსი ტიპის რობოტების ღირებულება ხშირად რამდენიმე ათეულ ათას დოლარს აღწევს. სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი რობოტი კი მსურველს 3 ათას დოლარზე ნაკლები დაუჯდება.

ჩვენ ხშირად ვადევნებდით თვალს როგორ იყენებენ ოთხფეხა რობოტებს სხვადასხვა ექსპერიმენტების დროს. თუმცა მსგავსი ტიპის რობოტი, როგორც წესი მოუხეშავი და ძვირადღირებულია. მას ლაბორატორიაში რაიმე პროექტზე მუშაობის დროს ვერ გამოვიყენებდით. თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა რობოტი, რომლის აწყობას ნებისმიერი შეძლებდა. ამავე დროს Doggo მსგავსი ტიპის რობოტებზე გაცილებით იაფი ღირს- ნათან ქეი, სტენფორდის უნივერსიტეტის Extreme Mobility Lab-ის ხელმძღვანელი.

Doggo-ს სიგრძე 42 სანტიმეტრია, სიგანე 20 სანტიმეტრი, წონა კი 5 კილოგრამზე ნაკლები. მიუხედავად იმისა, რომ რობოტი შედარებით იაფი კომპონენტებისგან არის აწყობილი, ტექნიკური მაჩვენებლებით ის ძვირადღირებულ კონკურენტებს, მათ შორის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ცნობილ რობოტებს არაფრით ჩამორჩება. Doggo-ს მართვა დისტანციურადაც არის შესაძლებელი.

როგორია Doggo-ს შესაძლებლობები შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოში:

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები