Thumbnail

შეერთებულ შტატებში ახალი ანტიდეპრესანტი გამოსცადეს

  • თერაპიის დროს პაციენტებს ჯანმრთელობის გაუმჯობესება 24 საათში აღენიშნებოდათ
  • პრეპარატის გამოყენების ნებართვა აშშ-ში უკვე გასცეს

დეპრესია მძიმე ფსიქიკური დაავადებაა. პაციენტების თითქმის მესამედისთვის მკურნალობის თერაპია შედეგს არ იძლევა. შეერთებულ შტატებში ახალი მედიკამენტი გამოჩნდა, რომელიც სხვა ანტიდეპრესანტზე ბევრად ეფექტურია. ესკეტემინი სპრეის სახით დამზადებული პრეპარატია, რომლის გამოყენების ნებართვა აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის  სამსახურმა (FDA) უკვე გასცა.

პრეპარატზე მომუშავე ჯგუფის მუშაობა რამდენიმე ეტაპად დაიყო. მესამე ეტაპზე, ანტიდეპრესანტი  200-მდე პაციენტზე გამოსცადეს, რომლებსაც დეპრესიის საშუალო და მძიმე ფორმა გააჩნდათ. აღსანიშნავია, რომ მანამდე ამ პაციენტების სხვადასხვა ანტიდეპრესანტებით მკურნალობამ  შედეგი არ მოიტანა. ექსპერიმენტის დროს პაციენტების ერთ ჯგუფი ესკეტემინს სხვა ანტიდეპრესანტთან ერთად იღებდა. მეორე ჯგუფს კი პლაცებოს სპრეით და კიდევ ერთი ანტიდეპრესანტით მკურნალობდნენ.

28 დღიანი თერაპიის დასრულების შემდეგ პაციენტებს, რომლებიც ესკეტემინით მკურნალობდნენ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღენიშნებოდათ. პრეპარატს აქვს გარკვეული გვერდითი მოვლენებიც, მაგალითად თავბრუსხვევა. პაციენტების შვიდმა პროცენტმა ამ მიზეზით თერაპიის კურსი არ დაასრულა. მიუხედავად ამისა, პროექტზე მომუშავე მეცნიერები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

კომბინირებულმა თერაპიამ ესკეტემინის გამოყენებით ეფექტური შედეგი მოგვიტანა. პაციენტებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება მკურნალობის დაწყებიდან 24 საათში აღენიშნებოდათ - მაილ თეიზი, პროექტზე მომუშავე მკვლევარი.

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის ალან შატცბერგის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი ეფექტურია, მისი დანიშვნის დროს სიფრთხილე მაინც საჭიროა და  მკურნალობის ყველა ეტაპი ექიმებმა უნდა გააკონტროლონ.

კომენტარები

ბოლო ამბები