Thumbnail

Google-მა აუგმენტირებული რეალობის განახლებული სათვალე წარადგინა 

  • Glass Enterprise 2-ს გაუმჯობესებული კამერა და პროცესორი აქვს
  • სათვალე მასობრივად არ გაიყიდება

Google-მა აუგმენტირებული რეალობის (AR) სათვალის ახალი ვერსია წარადგინა. Google Glass Enterprise 2 საცდელ ფაზას გასცდა და Google-ის ოფიციალური პროდუქტი გახდა. AR სათვალის მეორე ვერსია 999 დოლარი ღირს, თუმცა მის შეძენას მომხმარებლები ცალკეულად ვერ შეძლებენ - პროდუქტი ბიზნეს სექტორზეა გათვლილი. Google-ის ბლოგპოსტის თანახმად, სათვალეს შეუძლია, ლოჯისტიკის, წარმოების და სხვა დარგებში მომუშავე ადამიანებს საქმე საგრძნობლად შეუმსუბუქოს - სათვალის დახმარებით ისინი შეძლებენ, მუშაობის პროცესში საჭირო ყველა ინფორმაციასა თუ ციფრულ ხელსაწყოზე პირდაპირი წვდომა მიიღონ.

Glass Enterprise 2-ს გაუმჯობესებული კამერა, ახალი პროცესორი, USB-C პორტი და ბევრი სხვა განახლებული პარამეტრი აქვს. სათვალე წინამორბედისგან განსხვავებით მასობრივი მოხმარებისთვის არ არის განკუთვნილი. ამის მიზეზი წინა ვერსიის გამოშვების საპასუხოდ საზოგადოების მხრიდან პირადი სივრცის დაცულობასთან და სათვალის ფუნქციურობასთან დაკავშირებული კრიტიკაა. მიუხედავად ამისა, Google-ს აქვს მოლოდინი, რომ სათვალის ახალი ვერსია გაყიდვებით Glass Enterprise 1-ს გადაასწრებს. 

Glass Enterprise 2-ის ახალი, Qualcomm Snapdragon XR1 ჩიპი აუგმენტირებულ და ვირტუალურ რეალობაზეა მორგებული. Google-ის თქმით, XR1-ის სიმძლავრე სათვალის გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. 

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები