Thumbnail

მასკის კომპანია გვირაბს ლას-ვეგასშიც გაიყვანს

  • გვირაბების ქსელის მშენებლობას მხარი ქალაქის მუნიციპალიტეტმა დაუჭირა
  • პროექტის ღირებულება 48,6 მილიონი დოლარია

ილონ მასკის The Boring Company ახალ პროექტზე მუშაობას ლას-ვეგასში იწყებს. გვირაბების ქსელს ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენობის - Las Vegas Convention Center-ის ქვევით გაიყვანენ. გადაწყვეტილებას მხარი ქალაქის მუნიციპალიტეტმა დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ  Verge ავრცელებს.

პროექტის ღირებულება 48,6 მილიონი დოლარია. რკალისებური ფორმის სატრანსპორტო სისტემა ორი საავტომობილო გვირაბისგან, საფეხმავლო გვირაბისგან და სამი სადგურისგან შედგება. გვირაბების სიგრძე სამი კილომეტრი იქნება. გადაადგილებისათვის Tesla Model X-ს, Model 3-ს და სპეციალურ ელექტრომობილს გამოიყენებენ, რომელსაც 16 მგზავრის გადაყვანა შეეძლება.

კონტრაქტის მიხედვით მშენებლობის დასრულება 2020 წლის ნოემბერში იგეგმება. ეს The Boring Company-ს პირველი კომერციული პროექტი იქნება. მანამდე კომპანიამ სადემონსტრაციო მიწისქვეშა მაგისტრალი კალიფორნიაში 2018 წლის დეკემბერში გახსნა. ორკილომეტრიანი გვირაბი  დიდი პროექტის ნაწილია, რომლის განხორციელებას The Boring Company სამომავლოდ გეგმავს. ილონ მასკს იმედი აქვს, რომ 10 წლის შემდეგ ლოს ანჯელესში სრულფასოვანი მიწისქვეშა გზატკეცილების სისტემა ამოქმედდება, რომელიც მრავალმილიონიან ქალაქს საცობებისგან განტვირთავს.

კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომელსაც The Boring Company განახორციელებს მიწისქვეშა მაგისტრალი Loop-ია. პროექტი ვაშინგტონიდან ბალტიმორში 57 კილომეტრიანი გვირაბის გაყვანას ითვალისწინებს. ამ გვირაბით დედაქალაქის ცენტრიდან ბალტიმორის ცენტრში ავტომობილი ოთხჯერ უფრო სწრაფად, 15 წუთში მოხვდება. გვირაბში ავტომობილი რელსებზე იმოძრავებს. შეერთებული შტატების ტრანსპორტის სამინისტროს ამ პროექტს მხარი უკვე დაუჭირა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები