Thumbnail

Mars 2020-ის დაშვების სისტემას სიკვდილის ველზე ცდიან

  • სისტემა  Lander Vision-მა აპარატის მარსის ზედაპირზე რბილი დაჯდომა უნდა უზრუნველყოს
  • სისტემის გამოსაცდელად სიკვდილის ველი რთული რელიეფის გამო შეარჩიეს

პროექტ Mars 2020 ფარგლებში ტექნოლოგიის გამოცდა NASA-ს ლაბორატორიის შემდეგ კალიფორნიაში, სიკვდილის ველზე გრძელდება. სიერა-ნევადას მთათა სისტემის აღმოსავლეთით განლაგებული მთათაშორისი ღრმული დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე ცხელი ადგილია. ველის ტერიტორიაზეა ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დაბალი წერტილი ( ზღვის დონიდან - 86 მეტრი). რთული რელიეფი და მკაცრი კლიმატური პირობები გახდა გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც NASA-მ დაშვების სისტემის Lander Vision ( LVS ) გამოსაცდელად სწორედ ეს ტერიტორია შეარჩია.

სიკვდილის ველი

LVS-ის გამოცდას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. პლანეტის უსწორმასწორო ზედაპირზე დაშვების დროს მაღალია აპარატი დაზიანების ალბათობა. LVS-ის სისტემის დანიშნულება სწორედ მსგავსი საფრთხის თავიდან აცილებაა. სისტემას გააჩნია სენსორები, რომლებიც კომპიუტერს მუდმივ რეჟიმში გადასცემენ მონაცემებს აპარატის კოორდინატის, სიჩქარის და სიმაღლის შესახებ. სპეციალური ლიდარი შეისწავლის რელიეფს და აპარატის დასაჯდომად ყველაზე უსაფრთხო ადგილს ირჩევს.

დაშვების სისტემა Lander Vision ( LVS ) გამოცდის დროს ვერტმფრენზეა დამონტაჟებული

ეს სისტემა არა მხოლოდ ზრდის მარსის ზედაპირზე წარმატებით დაშვების შანსს, არამედ საშუალებას იძლევა კოსმოსური აპარატი დაჯდეს წითელი პლანეტის  საინტერესო და აქამდე გამოუკვლეველ ადგილებში. სწორედ ასეთი ადგილია ჯეზეროს კრატერი, რომელიც მარსის ეკვატორის ჩრდილოეთით მდებარეობს.

ჯეზეროს კრატერი

კრატერის სიღმე 500 მეტრია, დიამეტრი კი 45 კილომეტრი. ვარაუდობენ, რომ აქ ერთ დროს მდინარის დელტა იყო. კრატერზე მარსმავალის დაშვება NASA-ს ჯერ კიდევ 2012 წელს სურდა, თუმცა რთული რელიეფის გამო ამ ვარიანტზე მაშინ უარი თქვეს. 2018 წლისთვის ტექნოლოგიები უფრო დაიხვეწა და მარსმავალის ქვიშაში ჩაფლობის ან ფერდობიდან გადავარდნის საშიშროება ნაკლებად არის. მარსმავალი პლანეტასთან მიახლოვებისას ზედაპირის ფოტოებს გადაიღებს, ასევე შეძლებს საჭიროების შემთხვევაში კურსი შეიცვალოს და ხელსაყრელ ადგილას დაეშვას

Mars 2020-ის სავარაუდო დაშვების ადგილი მარსზე

მარსმავლებმა Spirit, Opportunity, Curiosity არაერთხელ მიაგნეს იმის კვალს, რომ ერთ დროს წითელ პლანეტაზე  სიცოცხლე მართლაც არსებობდა. NASA ამ ჰიპოთეზის საბოლოოდ დამტკიცებას ცდილობს. სწორედ ეს იქნება ახალი მარსმავალის მიზანიც.

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები