Thumbnail

შანხაისა და პეკინს შორის ყველაზე სწრაფი მაგლევ მატარებელი იმოძრავებს

  • მატარებელი 600 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს
  • მაგლევი შანხაიდან პეკინამდე მანძილს 3 საათსა და 30 წუთში დაფარავს

სახელმწიფო კომპანია China Railway Rolling Stock Corporation-მა მაგლევ მატარებელი წარმოადგინა, რომელიც მგზავრებს 600 კმ/სთ სიჩქარით გადაიყვანს. ამ მონაცემებით ის ყველაზე სწრაფი მატარებელი გახდება. მწარმოებელი აცხადებს, რომ მატარებელი შანხაიდან პეკინამდე თვითმფრინავზე სწრაფად ჩავა. ორ ქალაქს შორის დისტანციას მაგლევი სამ საათსა და 30 წუთში დაფარავს. აეროპორტამდე მისვლაში და უსაფრთხოების პროცედურის გავლაში მგზავრები დამატებით დროს კარგავენ, რაც ქალაქებს შორის თვითმფრინავით მგზავრობის ხანგრძლივობას ოთხ საათსა და 30 წუთამდე ზრდის.

მაგლევი  მაგნიტურ საკიდზე მოძრავი მატარებელია, რომელიც  მაგნიტური ძალის მიერ იმართება. ასეთი შემადგენლობა, ჩვეულებრივი მატარებლებისგან განსხვავებით, მოძრაობისას ლიანდაგების ზედაპირს არ ეხება. ერთადერთი მამუხრუჭებელი ძალა აეროდინამიკური წინაამღდეგობის ძალაა. ვარაუდობენ, რომ მომავალში მაგლევის ტიპის მატარებლები ავიაციას სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ.

ამ ეტაპზე პროტოტიპი სატესტო რეჟიმში მოძრაობს. მისი სერიული წარმოება 2021 წლიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კომერციული მაგლევი ჩინეთში მოძრაობს. მატარებელი, რომელიც შანხაის აეროპორტს ქალაქის ცენტრთან აკავშირებს, 431 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები