Thumbnail

ვენაში ახალი თაობის შუქნიშნები დამონტაჟდება

  • შუქნიშანი გადასასვლელზე ქვეითებს ავტომატურად აფიქსირებს
  • ახალი შუქნიშნები ვენაში 2020 წლამდე ამოქმედდება

ღილაკიანი შუქნიშნები, რომელზე დაჭერითაც ქვეითი აფიქსირებს, რომ გადასასვლელით სარგებლობა სურს, უკვე არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც გვხვდება, თუმცა სადავო საკითხია, რეალურად რამდენად ეფექტურად მუშაობს შუქნიშნის მსგავსი ტექნოლოგია.

ღილაკიანი შუქნიშნების ალტერნატივად ავსტრიელმა მკვლევარებმა შექმნეს ახალი თაობის შუქნიშანი, რომელიც გადასასვლელზე ქვეითებს ავტომატურად აფიქსირებს და კონკრეტული მოცემულობის ფარგლებში მაქსიმალურად ეფექტურად არეგულირებს შუქნიშნის ფერებს. 

შუქნიშნის მოქნილი ტექნოლოგია აფიქსირებს გადასასვლელზე ქვეითების რაოდენობასაც, შესაბამისად შესაძლოა მწვანე შუქის ხანგრძლივობა ხალხმრავლობის შემთხვევაში გაახანგრძლივოს. შუქნიშანი ასევე რეაგირებს იმ შემთხვევაზეც, თუკი ქვეითმა გზაზე გადასვლა გადაიფიქრა. კამერით აღჭურვილი შუქნიშანი ქვეითების ვიზუალურ იდენტიფიცირებას არ ახდენს, შესაბამისად არ არღვევს მათი პირადი სივრცის დაცულობას.

ახალი თაობის შუქნიშანი მხოლოდ კვლევითი პროექტი არ არის - 2020 წლამდე შუქნიშნები საწყის ეტაპზე ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამოჩნდება. სამომავლოდ მსგავსი შუქნიშნების დამონტაჟება ავსტრიის სხვა ქალაქებშიც იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები