Thumbnail

ხელოვნური ინტელექტი ჰოლივუდის კინოსტუდიებს რჩევებს აძლევს

  • ხელოვნური ინტელექტი პროგნოზს აკეთებს კინო პროექტის კომერციულ მხარეზე
  • ალგორითმი გამოითვლის როგორი წარმატება ექნება ფილმს მსახიობის შეცვლის შემთხვევაში

სტარტაპი Cinelytic 2013 წელს დაფუძნდა. კომპანიის დევიზია - შექმნილია კინოინდუსტრიის ბიზნესის გასაუმჯობესებლად. Cinelytic ჰოლივუდის კინოსტუდიებს და პროდუსერებს რჩევებს აძლევს რამდენად გაამართლებს  ესა თუ ის პროექტი და რომელი მსახიობის მონაწილეობა მოუტანს ფილმს კომერციულ წარმატებას. ამ რჩევებს არა Cinelytic-ის თანამშრომლები, არამედ მათ მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი იძლევა.

ალგორითმს დამუშავებული აქვს დეტალური ინფორმაცია ამ დრომდე გამოშვებული ფილმების შესახებ. ამ მონაცემების, სცენარის და პროექტში მონაწილე მსახიობების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე ხელოვნური ინტელექტი აკეთებს პროგნოზს მიაღწევს თუ არა ფილმი კომერციულ წარმატებას და რა შემოსავალს მოუტანს კინო სტუდიას. Cinelytic-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ხელოვნურ ინტელექტს  შეუძლია დაადგინოს როგორი გავლენა ექნება პროექტზე მსახიობის შეცვლას. მაგალითად, რა შეიცვლება კომერციული თვალსაზრისით თუ ბლოკბასტერში ემა უოთსონის მაგივრად ჯენიფერ ლოურენსი ითამაშებს.

რამდენად შესაძლებელია ხელოვნურმა ინტელექტმა წინასწარ გათვალოს ფილმის წარმატება? ბელგიური კომპანია ScriptBook-ის ალგორითმმა სცენარის გაანალიზებით ორი წლის განმავლობაში (2017 და 2018 წლებში) გადაღებული 50 ფილმის კომერციული შეფასების წინასწარი პროგნოზი გააკეთა. ალგორითმის შეფასება 86 პროცენტის სიზუსტით გამართლდა. სკეპტიკოსების შეფასებით ხელოვნური ინტელექტის ბოლომდე ნდობა მაინც არ შეიძლება. ვინაიდან ალგორითმი უკვე გამოსული ფილმების შესახებ ინფორმაციას ამუშავებს და არ შეუძლია გათვალოს მაყურებლის გემოვნების ცვლილება ან სხვა ფაქტორები.

 

კომენტარები

ბოლო ამბები