Thumbnail

აშშ-ის საფოსტო სამსახური თვითმავალი ტრანსპორტის გამოყენებას გეგმავს

  • USPS კომპანია TuSimple-ის ავტონომიურ ტრანსპორტს გამოიყენებს
  • თვითმავალი სატვირთო ავტომობილები საცდელ 1600 კილომეტრიან მარშრუტზე იმოძრავებენ

ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სამსახური (USPS) თვითმავალი სატვირთო ავტომობილების საკუთარ სერვისში დანერგვას გეგმავს. პირველ ეტაპზე USPS ავტონომიური ტრანსპორტის გამოცდას აპირებს. საფოსტო სამსახურის პარტნიორი საცდელ პროექტში კომპანია TuSimple იქნება. ეს კომპანია ავტონომიური სატვირთო ავტომობილების შექმნაზე უკვე რამდენიმე წელია მუშაობს.

თვითმავალი სატვირთო ავტომობილები  ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, ფინიქსსა და დალასს შორის სატესტო რეჟიმში იმოძრავებენ. მარშრუტის 1600 კილომეტრი ძირითადად ავტომაგისტრალებზე გადის. ორი კვირის განმავლობაში სატვირთო ავტომობილებმა ეს გზა ორი მიმართულებით ათჯერ უნდა გაიარონ. 

სატვირთო ავტომობილები გზაზე ავტონომიურობის მეოთხე დონით ისარგებლებენ. ეს ნიშნავს, რომ მართვა ავტონომიურ რეჟიმში ხორციელდება, თუმცა საჭესთან მძღოლი ზის, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია ავტომობილის მართვა თავის თავზე აიღოს.

კომპანია TuSimple-ის მენეჯმენტის შეფასებით, ექსპერიმენტი ქვეყანაში კომერციული სატვირთო გადაზიდვების სფეროში რევოლუციური ნაბიჯი შეიძლება გახდეს. 1600 კილომეტრიანი მონაკვეთი, სადაც თვითმავალი ტრანსპორტს გამოცდიან, სამი შტატის ტერიტორიაზე გადის. არიზონაში უკვე მიიღეს შესაბამისი კანონი, რომელიც ავტონომიურ ტრანსპორტს შტატის ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალებას აძლებს. ტეხასში თვითმავალი ტრანსპორტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საჭესთან დაზღვევის მიზნით მძღოლი ზის. ნიუ მექსიკოს შტატს კი ჯერჯერობით ავტონომიურ ტრანსპორტთან დაკავშირებული რეგულაციები მიღებული არ აქვს.


 

 

კომენტარები

ბოლო ამბები