Thumbnail

Amazon-მა საკუთარი წარმოების დრონი წარმოადგინა

  • დრონის შექმნის დროს განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების სისტემას დაუთმეს
  • კომპანიაში იმედი აქვთ, რომ  სერვისი Prime Air რამდენიმე თვეში ამოქმედდება

ჯეფ ბეზოსის კომპანია Prime-ის სერვისის კლიენტებისთვის შეძენილი ნივთის მისამართზე მისატანად დრონებს გამოიყენებს. Amazon-ში აღნიშნავენ, რომ სერვისი Prime Air რამდენიმე თვეში ამოქმედდება. ერთადერთი შემაფერხებელი ბარიერი ამ ეტაპზე მარეგულირებელი ორგანოსგან შესაბამისი ნებართვის გაცემაა.

კომპანიამ დრონის შესაძლებლობები სპეციალურ ვიდეო რგოლში წარმოაჩინა. Amazon-ის ინჟინრებმა განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების ნორმებს დაუთმეს. დრონი ვერტიკალურად ადის და ეშვება, პროპელერების გაშლა კი მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც საფრენი აპარატი ჰაერში ჰორიზონტალურად მოძრაობს. აპარატის ცენტრალურ სექციაში განლაგებულია სხვადასხვა სენსორები. სენსორების მონაცემებს სპეციალური ალგორითმი გადაამუშავებს. Amazon-ის წარმომადგენლის ჯეფ ვილკეს განცხადებით, ალგორითმის მუშაობა გამორიცხავს, რომ  დრონმა ფრენის დროს ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანოს.

Amazon-ის ინფორმაციით, დრონს 2,2 კილოგრამის სიმძიმის ტვირთის  22 კილომეტრის მანძილზე გადასატანად ნახევარი საათი დასჭირდება. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ შეკვეთების 75-90 პროცენტი სწორედ ამ მასის ნივთებზე მოდის.

ჯერჯერობით უცნობია სერვისის ამოქმედების ზუსტი თარიღი. შეერთებულ შტატებში დრონებთან მიმართებაში მკაცრი საჰაერო რეგულაციები არსებობს. აშშ-ში ამ დრომდე დრონებს დიდ ქალაქებში და მასობრივი თავშეყრის ადგილებში ფრენა აკრძალული აქვთ. ავიაციის ფედერალური სამმართველო დრონით ამანათის ადგილზე მიტანის ნებართვას მხოლოდ სადემონსტრაციო მიზნით გასცემდა. მიუხედავად ამისა,  ცოტა ხნის წინ ისტორიაში პირველად კომპანია Wing Aviation-მა აშშ-ის ტერიტორიაზე დრონებით ადგილზე მიტანის სერვისის ამოქმედების ნებართვა მიიღო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები