Thumbnail

გლობალური დათბობა: მითი თუ რეალობა?

კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა დღეს კაცობრიობის ერთ-ერთი აქტუალური და პოპულარული თემაა. ამ მოვლენას ინტენსიურად იკვლევენ მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ცენტრები, დიდ ყურადღებას უთმობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ხშირად აშუქებს მასმედია. ბოლო პერიოდში ეს თემა პოლიტიკის ნაწილი გახდა. შექმნილია კლიმატის ცვლილების სახელმწიფოთაშორისი პანელი (IPCC), რომელშიც მსოფლიოს ასობით მეცნიერი მონაწილეობს.

კლიმატის ცვლილების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გაჩნდა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც დედამიწის საშუალო ტემპერატურის ზრდა დაფიქსირდა. თანაც აღმოჩნდა, რომ ეს მატება ამ პერიოდში იყო ბევრად უფრო სწრაფი, ვიდრე მანამდე. მე-19 საუკუნესთან შედარებით, საშუალო გლობალური ტემპერატურა გაიზარდა 0.8ºC-ით. ერთი შეხედვით, ეს რიცხვი უმნიშვნელო ჩანს, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის და ის სერიოზულ ცვლილებებს იწვევს. რამ გამოიწვია ასეთი სწრაფი დათბობა? სამეცნიერო წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ მისი მიზეზი ადამიანის ინდუსტრიული საქმიანობაა. ადამიანს შეუძლია გავლენა მოახდინოს კლიმატზე, როგორც ლოკალურად, ასევე გლობალური მასშტაბით, მაგალითად, ატომური ბომბის აფეთქებით, ატომური ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად, ან ტყეების ჩეხვით. თუმცა რამდენად მასშტაბური და მნიშვნელოვანი შეიძლება ის იყოს?

კლიმატი მუდმივად იცვლება დედამიწის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე. ის გამოიხატება როგორც ბუნებრივ მოვლენებში, როგორებიცაა ქარიშხლები, ვულკანური ამოფრქვევები, ასევე ტემპერატურის მატება-კლებაში. უძველესი ეპოქის კლიმატის ნიშნები შენარჩუნებულია ყინულებისა და დანალექი ქანების ფენებში, ხეების რგოლებში, ოკეანეების დანალექებში, მარჯნის რიფებში. მათი ქიმიური შემადგენლობისა და სისქის სიდიდის მიხედვით შეგვიძლია შევისწავლოთ, თუ როგორი იყო კლიმატი ასობით ათასი და მილიონობით წლის წინ - ე.წ. პალეოკლიმატი. მათი შესწავლის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბოლო 650 000 წლის განმავლობაში ყინულის საფარი იცვლებოდა - ხან იზრდებოდა და ხან იკლებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გლობალური ტემპერატურა ხან მცირდებოდა, ხან მატულობდა. გამყინვარებას მოყვებოდა დათბობა, შემდეგ ისევ გამყინვარება და ა.შ., რაც ამ პერიოდის განმავლობაში 7-ჯერ მოხდა. ბოლო დიდი გამყინვარება დასრულდა დაახლოებით 7000 წლის წინ. კაცობრიობის ცივილიზაციის ეპოქაც დაახლოებით ამ დროს დაიწყო. ცივილიზაციაში იგულისხმება ურბანული და სოციალურ-ტექნოლოგიური განვითარება. ადამიანი მანამდეც ცხოვრობდა გაცილებით უფრო დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა მისი ცხოვრების დონე იყო პრიმიტიული.

ბოლო გამყინვარების დროს ევროპის ჩრდილოეთი ნაწილი მთლიანად ყინულით იყო დაფარული

თუ კლიმატის ცვლილება მუდმივად ხდებოდა, რატომ გახდა ეს თემა ასე აქტუალური და მნიშვნელოვანი ახლა? იმიტომ, რომ დღევანდელი დათბობა 10-ჯერ უფრო სწრაფი ტემპით ხდება, ვიდრე ეს ხდებოდა ადრე.

დედამიწა იღებს ენერგიას კოსმოსიდან (მზიდან) და ამავე დროს ასხივებს გარეთ. შემოსული და გასული ენერგიების თანაფარდობა - ენერგეტიკული ბალანსი - ძირითადად განსაზღვრავს დედამიწის კლიმატს. ითვლება, რომ ადრინდელი, პალეოკლიმატური ცვლილებები განპირობებული იყო დედამიწის ორბიტის მცირე ცვალებადობით (ე.წ. მილანკოვიჩის ციკლი). ამ დროს იცვლება დედამიწაზე შემოსული მზის ენერგიის რაოდენობა - ის ხან მეტია, ხან ნაკლები. ეს კი იწვევს ტემპერატურის ცვლილებას და სხვადასხვა ატმოსფერულ-გეოლოგიურ მოვლენებს (ქარიშხლები, ვულკანების ამოფრქვევები).

ენერგეტიკულ ბალანსზე გავლენას ახდენს სათბურის გაზები, ესაა ძირითადად ნახშირორჟანგი (CO2), მეთანი (CH4), აზოტის ოქსიდი (NO). მათი ჰაერში შემცველობა ასევე იცვლება - ხან იმატებს, ხან იკლებს. ეს ცვალებადობა მოქმედებს ჰაერის ტენიანობაზეც - წყლის ორთქლის რაოდენობაზე. მე-19 საუკუნეში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნახშირორჟანგს და ზოგიერთ სხვა გაზებს შეუძლიათ სითბოს შენარჩუნება. ამიტომაც მათ სათბურის გაზები ჰქვია.

დედამიწისთვის მისი ატმოსფერო არის ერთგვარი საბანი: დღის განმავლობაში შემოსული სითბოს ნაწილს ინარჩუნებს და ღამით გარეთ არ უშვებს. რომ არა ასეთი ატმოსფერო, ტემპერატურული ცვლილება დღესა და ღამეს შორის ძალიან დიდი იქნებოდა. მაგალითად, პლანეტა მერკურის ძალზე თხელი ატმოსფერო აქვს, დედამიწასთან შედარებით გაცილებით სუსტი, შეიძლება ითქვას, თითქმის არა აქვს. მისი ზედაპირი დღის განმავლობაში ცხელდება +430º გრადუსამდე, ხოლო ღამით კი ცივდება -170º-მდე. დედამიწაზე კი დღისა და ღამის ტემპერატურებს შორის განსხვავება მაქსიმუმ რამდენიმე ათეული გრადუსია. ეს სწორედ ატმოსფეროს და მისი შემადგენელი სათბურის გაზების გამოა.

კლიმატი, ტემპერატურა, სათბურის გაზები ბუნებრივადაც იცვლება, ადამიანის ჩარევის გარეშე, როგორც ხდებოდა ყოველთვის. ბუნებრივი მიზეზებია დედამიწის ორბიტალური ცვლილებები, მზე, კოსმოსური სხივები, ღრუბლიანობა, ვულკანური ამოფრქვევები, ტექტონური მოძრაობები. ამ მიზეზებიდან, მაგალითად, ვულკანური აქტივობა იწვევს აციებას: მისგან ამოფრქვეული ფერფლი ვრცელდება ატმოსფეროში, შთანთქავს მზის რადიაციას და არ უშვებს ზედაპირამდე. ამ მოვლენას მიაწერენ მცირე გამყინვარებას, რომელიც იყო დაახლოებით 1650-1850 წლებში. ასევე ჩვენს ეპოქაში, 1991 წელს ვულკან პინატუბოს ამოფრქვევამ, რომელიც მდებარეობს ფილიპინებზე, გამოიწვია გლობალური ტემპერატურის კლება.

თუმცა ბოლოდროინდელი დათბობა იმდენად სწრაფია, რომ მხოლოდ ბუნებრივი ფაქტორები ამას ვერ ხსნის. ის დაიწყო დაახლოებით 1950-იანი წლებიდან - დაემთხვა ე.წ. ინდუსტრიული რევოლუციის დროს, როდესაც ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოხმარებამ მკვეთრად იმატა. მათი წვის შედეგად წარმოიშობა ნახშირორჟანგი და სათბურის სხვა გაზები, რაც ვრცელდება ჰაერში და ატმოსფერული ნაკადების საშუალებით მთელს დედამიწას მოიცავს. ეს კი სათბურის ეფექტის გაძლიერებას უწყობს ხელს. ამას დაემატა ტყეების მასიური ჩეხვა და გაუდაბნოება. სათბურის გაზების ასეთი მკვეთრი ზრდის ბუნებრივი მიზეზი ცნობილი არ არის. სწორედ ამიტომ ითვლება, რომ თანამედროვე სწრაფი გლობალური დათბობა და მასთან დაკავშირებული კლიმატური ცვლილებები უმეტესწილად ადამიანის საქმიანობის შედეგია. ამ ყველაფერს საკმაოდ არასახარბიელო შედეგები მოაქვს და მომავალშიც შეიძლება მოიტანოს. ყველაფერთან ერთად, ჰაერის გაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობაზეც უარყოფითად მოქმედებს.

მეცნიერების შეფასებით, პლანეტის ყველაზე მაღალმთიანი რეგიონი - ჰიმალაი 2100 წლისთვის მყინვარების მესამედს დაკარგავს
ხელოვნური თანამგზავრების საშუალებით არქტიკის რეგიონში ბოლო 15 წლის განმავლობაში ყინულის მასის მკვეთრი შემცირება დაფიქსირდა

იცვლება გრენლანდიის, ანტარქტიდის, მაღალმთიანი ზონების (მათ შორის კავკასიის) ყინულის საფარი. მათი კლება გლობალური დათბობის ერთ-ერთი შედეგია. შესაბამისად იზრდება ოკეანეების დონე, რის გამოც კონტინენტებისა და კუნძულების სანაპირო ზოლები წყლით იფარება. ასევე იზრდება ოკეანეების მჟავიანობის დონე, ნახშირორჟანგის შესრუტვის გამო, რომელიც შედის რეაქციაში წყალბადთან და წარმოქმნის ნახშირმჟავას. ეს კი მავნეა ოკეანეების ორგანიზმებისთვის. კლიმატის ცვლილება აისახება ასევე ექსტრემალურ ბუნებრივ მოვლენებში, როგორებიცაა ქარიშხლები და ტორნადოები, რომლებიც უფრო ინტენსიური ხდება.

ანტარქტიდის ერთ-ერთი უდიდესი  შელფური მყინვარის- ლარსენის მყინვარის ფართობი მნიშვნელოვნად შემცირდა

საერთო ჯამში, კლიმატის ცვლილების მაჩვენებლებია: ტემპერატურის ზრდა, ოკეანეების დათბობა, ყინულის საფარის დნობა პოლარულ ზონებში, მყინვარების დნობა, თოვლის საფარის შემცირება, ზღვის დონის ზრდა, არქტიკის ოკეანის ყინულის შემცირება, ოკეანეების მჟავიანობის ზრდა, გაუდაბნოება, ტბების დაშრობა.

დღეს დედამიწის კლიმატზე დაკვირვება შეიძლება საკმაოდ დიდი სიზუსტით, როგორც ზედაპირიდან, ასევე კოსმოსიდან. უამრავი ხელოვნური თანამგზავრის საშუალებით იზომება ატმოსფეროს ბევრი სხვადასხვა პარამეტრი: ტემპერატურა, შემადგენლობა, ჰაერის მოძრაობა და ა.შ., როგორც ლოკალური, ასევე გლობალური მასშტაბით. ეს დაკვირვებები მეცნიერებს აძლევენ საშუალებას, მიიღონ საკმაოდ ზუსტი მონაცემები და გააკეთონ სამომავლო პროგნოზები.

გლობალური დათბობის კიდევ ერთი უარყოფითი შედეგი ხანძრების რაოდენობის ზრდაა. განსაკუთრებით საგანგაშო ვითარება ამ მხრივ აფრიკის კონტინეტზეა. წითელ ფერად მონიშნულია ხანძრის კერები აფრიკაში 2006-2007 წლებში

სხვადასხვა მოდელების მიხედვით პროგნოზი ასეთია, რომ თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდა, გლობალური ტემპერატურა შეიძლება გაიზარდოს 2-5 გრადუსით მომავალი 100 წლის განმავლობაში. ეს კი ბევრ რამეზე იქონიებს გავლენას. მაგალითად, ტროპიკული ქარიშხლები უფრო გაძლიერდება, ზღვის დონეები უფრო მკვეთრად აიწევს, არქტიკა ფაქტიურად ყინულის გარეშე დარჩება, დედამიწის ზოგ ადგილებში ნალექების რაოდენობა გაიზრდება, ზოგან კი პირიქით - გაუდაბნოება მოიმატებს, გაიზრდება მოსავლის სეზონის ხანგრძლივობა. შესაძლოა კლიმატის ცვლილებას გარკვეული დადებითი შედეგებიც ჰქონდეს, მაგრამ უარყოფითი ბევრად გადააჭარბებს.

კლიმატის ცვლილების სახელმწიფოთაშორისმა პანელმა (IPCC) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ეყრდნობა რამდენიმე ასეული დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ამ დოკუმენტის საბოლოო დასკვნაა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში ადამიანის საქმიანობამ გამოიწვია სწრაფი გლობალური დათბობა და კლიმატური ცვლილება.

IPCC-ს დასკვნას მეცნიერთა დიდი ნაწილი ემხრობა. თუმცა არიან ისინიც, ვინც ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან. მართალია, ისინი არ უარყოფენ გლობალური ტემპერატურის მატებას, რომელიც ფაქტია, თუმცა მას სხვაგვარად ხსნიან. ზოგი თვლის, რომ ეს გაზომვები არ არის საკმარისად ზუსტი, ზოგს მიაჩნია, რომ ადამიანის წვლილი მნიშვნელოვანი არ არის და ჩვენ ჯერ ვერ დავადგინეთ რომელი ბუნებრივი მოვლენაა ამ დათბობაზე პასუხისმგებელი. არსებობს შეთქმულების თეორიები, რომლის მიხედვით არსებული მონაცემები სიმართლეს არ შეესაბამება და ხელოვნურად არის შეცვლილი. ამაზე იმის თქმა შეიძლება, რომ კლიმატურ მოვლენებს აკვირდებიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც დედამიწიდან, ასევე კოსმოსიდან. ამიტომ, პრაქტიკულად შეუძლებელია რაიმე ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება, ყოველ შემთხვევაში დიდი ხნის განმავლობაში. თუ რაიმე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, ის აუცილებლად ადრე თუ გვიან გამოაშკარავდება.

რა თქმა უნდა, იბადება შეკითხვა, როგორ ავიცილოთ თავიდან კლიმატური ცვლილების ზიანი? შევაჩეროთ ეს ცვლილება თუ შევეგუოთ და ადაპტირება მოვახდინოთ? შეჩერების სავარაუდო ქმედებებია გადასვლა ენერგიის სხვა წყაროებზე - ჰიდრო, ქარის, მზის ენერგიებზე, ასევე მოხდეს ხეების მასობრივი დარგვა და ამით ტყის მასივების გაზრდა, რომელმაც უნდა შეამციროს CO2-ის შემცველობა ჰაერში. სხვა გზაა არსებულთან შეგუება და ადაპტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ისე შორეულ მომავალში დედამიწის მთელ მოსახლეობას არქტიკასა და ანტარქტიდაში მოუწევს გადასახლება. პირადად მე მგონია, რომ უმჯობესია ადამიანის ზემოქმედება კლიმატზე მინიმუმამდე დავიყვანოთ.

ამ გრაფიკზე ნაჩვენებია დედამიწის გლობალური ტემპერატურის ცვლილება 1951-1980-ის საშუალო ტემპერატურასთან შედარებით.

ეს გრაფიკი აჩვენებს დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობის ცვლილებას ბოლო 800 000 წლის განმავლობაში (ყინულის ბირთვების და ბოლოდროინდელი გაზომვების გამოყენებით). ნახაზზე ჩანს მკვეთრი ცვლილება 1950 წლის შემდგომ.  

კომენტარები

ბოლო ამბები