Thumbnail

ბეზოსის გეგმები: მთვარის მისია და თანამგზავრული ინტერნეტის პროექტი

  • ჯეფ ბეზოსი თანამგზავრული ინტერნეტის ქსელის შექმნას გეგმავს
  • ბეზოსის კომპანია Blue Origin  მთვარის მისიის პროექტზე მუშაობს

Amazon Re: MARS-ის კონფერენციაზე, რომელიც ლას-ვეგასში გაიმართა კომპანიის დამფუძნებელმა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა არაერთ სიახლეზე ისაუბრა. ბეზოსმა გარკვეული დრო მისი მეორე კომპანიის, Blue Origin-ის სამომავლო გეგმებსაც დაუთმო. კონფერენციაზე წარმოადგინეს ხომალდ New Shepard-ის სამგზავრო კაფსულა, რომელიც კოსმოსური ტურიზმისთვის არის განსაზღვრული. თუმცა ჯეფ ბეზოსს კოსმოსთან დაკავშირებული სხვა ამბიციური გეგმებიც აქვს.

ჯეფ ბეზოსი და ილონ მასკი  შეერთებული შტატების ორი ყველაზე წარმატებული კერძო კოსმოსური კომპანიის დამფუძნებლები და კონკურენტები არიან. მასკის Space X და ბეზოსის Blue Origin ისეთ ამბიციურ პროექტებზე მუშაობენ, როგორიცაა მთვარის და მარსის პილოტირებული მისია. თანამგზავრული ინტერნეტის ქსელის შექმნა ის მიმართულებაა, სადაც ბეზოსი მასკთან კონკურენციაში კიდევ ერთხელ შევა. ბეზოსის პროექტი Kuiper ფაქტობრივად ილონ მასკის Starlink-ის ანალოგია.

Kuiper დედამიწის ორბიტაზე 3 ათასზე მეტი თანამგზავრის გაშვებას ითვალისწინებს. ჯეზ ბეზოსმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია თანამგზავრული ინტერნეტის წვდომა დედამიწის ყველა კონტინენტზე, ყველაზე შორეულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებსაც კი ჰქონდეთ.

კოსმოსის ათვისების მხრივ Blue Origin-ის უახლოესი მიზანი მთვარეა. ბეზოსი მიიჩნევს, რომ მარსის პილოტირებული მისიის განხორციელებამდე საჭიროა მთვარის ათვისება.

იმისათვის, რომ შორეული მისიები განვახორციელოთ საჭიროა რესურსები. ეს რესურსები კი მთვარეზე არსებობს. მაგალითად მთვარის კრატერებზე შეგვიძლია მოვიპოვოთ რაკეტის საწვავი. ჩვენ უკვე გვაქვს შექმნილი პროტოტიპი მთვარის მისიისთვის, კოსმოსური აპარატი Blue Moon, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია- ჯეფ ბეზოსი.

ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ ხუმრობით დასმულ კითხვაზე, ხომ არ აპირებს მთვარეზე Amazon-ის ფილიალის გახსნას, ბეზოსმა უპასუხა “ამაზე აქამდე არ მიფიქრია, თუმცა ესეც შესაძლებელია. დავიწყებთ თხევადი ჟანგბადის მიწოდებას. ბაზარი დიდი არ იქნება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი”.

 

კომენტარები

ბოლო ამბები